![]() |
|||
საქართველო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლებს აღარ გააგზავნის, რათა დაიცვას ”ნეიტრალიტეტი” ორივე კანდიდატის მიმართ და შეინარჩუნოს ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილგანწყობა, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 3 თებერვალს. ”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არჩევნების მეორე ტურზე იმის გამო, რომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქართველი დამკვირვებლების საკითხმა, საქართველო არ გაგზავნის დამკვირვებლებს უკრაინაში,”- განაცხადა მან, ”აქვე მოვუწოდებთ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არიან მიწვეული და აკვირდებიან არჩევნებს, დაბრუნდნენ სამშობლოში”. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანა არ ყოფილა ”უკრაინის არჩევნებში ჩარევა და რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა”. ”ჩვენ ვფიქრობთ და ვცდილობთ, რომ ორივე კანდიდატს შორის სრული ნეიტრალიტეტი იქნას დაცული და იმ კეთილგანწყობის შენარჩუნებას, რაც ტრადიციულად, ისტორიულად არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის,”- განაცხადა პრესსპიკერმა, ”აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ პირთან ვითანამშრომლებთ და მზად ვართ ახალ ეტაპზე გავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა”. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025