თბილისი მერობის კანდიდატად ქრისტიან-დემოკრატებმა გია ჭანტურია დაასახელეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Feb.'10 / 16:51

ქრისტიან-დემოკრატებმა 12 თებერვალს გია ჭანტურია თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს.

პარტიის დაარსების ორი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ”ღირსეული ქალაქი ღირსეულ მერს იმსახურებს”.

გია ჭანტურიამ, რომელიც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პროფესიულ და საექსპერტო წრეებთან რეგულარულ შეხვედრებს მართავდა, განაცხადა, რომ მერის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ასევე ”ჩვენ უნდა შევძლოთ გადასახადების შემცირება ენერგო მატარებლებზე, რაც სავსებით რეალურია”.

ჭანტურიამ ასევე განაცხადა, რომ მას სურს თბილისმა შეინარჩუნოს თვითმყოფადობა. ”მე მინდა, რომ თბილისი ისევ გახდეს ღირსების, მეგობრობის, ვაჟკაცობის და ერთმანეთზე ზრუნვის ქალაქი,”- განაცხადა მან 5 თებერვალს ტელეკომპანია ”მაესტროსთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მან ასევე განაცხადა, რომ თბილისს სჭირდება კარგი მენეჯერი, რომელმაც საქმის კეთება იცის და არასწორია ამ თანამდებობას მიუდგე, როგორც ”პოლიტიკურ ტრამნპლინს”.

”იმიტომ, რომ როდესაც შენ მოსახლეობის მხარდაჭერას ითხოვ, ეს მხარდაჭერა არ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმისთვის, რომ შენი პირადი პოლიტიკური ამბიცია დაიკმაყოფილო ან შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯისთვის ემზადო,”- აღნიშნა ჭანტურიამ.

გია ჭანტურია 1995 წლიდან საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას მისი შექმნის დღიდანვე ედგა სათავეში და პრეზიდენტ შევარდნაძის საგანგებო რწმუნებული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის განვითარების საკითხებში. იგი áƒ‘აქოში სამუშაოდ 2004 წლის შემოდგომაზე გადავიდა აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის პრეზიდენტის მრჩევლად მას შემდეგ, რაც სექტემბერში დაკავებული თანამდებობიდან პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაათავისუფლა. მაშინ აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ ჭანტურიაზე დაპატიმრების სანქცია იყო გაცემული, თუმცა მან აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შუამდგომლობით შეძლო საქართველოს დატოვება.

სულ მცირე, 2006 წლის მაისის მდგომარეობით, გია ჭანტურია ინტერპოლის მიერ ძებნილ ქართველთა შორის იყო. მისი გვარი ”წითელ ცირკულარში” ამჟამად არ ფიგურირებს.

ჭანტურიამ განაცხადა, რომ არ არის სწორი, რომ ის იყო ”ძებნილი”  და ”ლამის მანქანის საბარგულით” მოხდა მისი ქვეყნიდან გასვლა 2004 წელს.

”არავითარი იძულება ჩემს წასვლას ბაქოში არ ახლდა,”- განუცხადა მან ”მაესტროს” და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში იგი მუშაობდა ყაზახეთის ნავთობის  ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე ”მიბმაზე” და ”ჩვეულებრივი ურთიერთობები” ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან.

Civil.Ge © 2001-2024