ვანკუვერში ქართველი ოლიმპიელი დაიღუპა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Feb.'10 / 01:53

სავარჯიშო დაშვების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად საციგაო სპორტში მოასპარეზე 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა.

ტრაგედია 12 თებერვალს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამოდენიმე საათით ადრე მოხდა (გახსნა თბილისის დროით, 13 თებერვალს, დილის 6 საათზე იწყება).

ახალგაზრდა სპორტსმენი ციგიდან მაშინ გადმოვარდა, როდესაც ის ტრასის ბოლო მოსახვევში შედიოდა. როგორც იტყობინებიან, ამ დროს მისი სისწრაფე 150 კმ/სთ-მდე იყო. 

ეს ტრასა, სადაც ტრაგედია მოხდა, მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და რთულ ტრასად ითვლება.

”ჩვენ ყველანი შოკში ვართ და არც ვიცით რა ვქნათ. არ ვიცით მივიღოთ თუ არა მონაწილეობა [ოლიმპიური თამაშების] გახსნის ცერემონიაში, ან საერთოდ ოლიმპიურ თამაშებში,” - განუცხადა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯაფარიძემ BBC-ის.

”ამ ტრაგედიამ მთელი ოლიმპიური ოჯახი შეძრა და ეს აშკარად გადაჩრდილავს ამ ოლიმპიურ თამაშებს,” - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ, “სიტყვები არ მყოფნის გრძნობების გამოსახატად.”

როგემ ასევე განაცხადა, რომ ის დაუკავშირდა და მიუსამძიმრა ქუმარიტაშვილის ოჯახს და ასევე ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც, მისი თქმით ”არის ვანკუვერში და ესწრება ოლიმპიურ თამაშებს”.

”ეს ტრაგედიაა. ეს ჩრდილავს თამაშების გახსნის ცერემონიას,” - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა თომას ბახმა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისა და საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარის ზუსტი გარემოებების გასარკვევად გამოძიება დაიწყო. 

ნოდარ ქუმარიტაშვილი 13 თებერვალს უნდა გამოსულიყო ასპარეზობაზე. მოციგავეები, ქართველ ათლეტებს შორის áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლები ერთვებოდნენ ასპარეზობაში.  

როგემ განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციას ჯერ არ ქონდა საბოლო გადაწყვეტილება მიღებული გააგრძელებს თუ არა თამაშებში მონაწილეობას.

ნოდარ ქუმარიტაშვილი იმ რვა ქართველ სპორტსმენს შორის იყო, რომლებიც ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოდან გაემგზავრნენ. 

საქართველოს იმავე საციგაო სპორტში კიდევ ერთი მოასპარეზე ყავს - ლევან გურეშიძე.

სამი სპორტსმენი - ნინო წიკლაური, ჯაბა გელაშვილი და იასონ აბრამაშვილი - სამთო სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ.

ფიგურულ სრიალში მონაწილეობს ელენე გედევანიშვილი, რომელმაც ახლახანს ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ამავე სახეობის წყვილებში ოთარ ჯაფარიძე და ალისონ ლინ რიდი გამოდიან.

Civil.Ge © 2001-2024