ქართველი ოლიმპიელები ვანკუვერში რჩებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Feb.'10 / 07:37
ქუმარიტაშვილის ციგა, გადაღებული ტრაგედიის შემდეგ. 21 წლის ოლიმპიელი ციგიდან მაშინ გადმოვარდა, როდესაც ფინიშამდე ბოლო მოსახვევს გადიოდა. ფოტო: მაიკლ სონი/AP

ტრაგიკულად დაღუპული 21 წლის ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის ნიშნად, საქართველოს დელეგაცია ვანკუვერის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე შავი სამკლაურებით გამოვიდა, áƒ®áƒáƒšáƒ ეროვნულ დროშაზე შავი ლენტი ეკეთა. 

უშუალოდ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დაწყების წინ, სტადიონის დიდ ტაბლოზე გამოჩნდა წარწერა: ”ამ საღამოს ცერემონია ეძღვნება ქართველი ოლიმპიელი ათლეტის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სხსოვნას.”

შავი სამკლაურები ეკეთათ რამოდენიმე ქვეყნის გუნდსაც, მათ შორის ხორვატიის და ჩეხეთის.

ტრაგედია 12 თებერვალს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამოდენიმე საათით ადრე მოხდა (გახსნა თბილისის დროით, 13 თებერვალს, დილის 6 საათზე დაიწყო). ახალგაზრდა სპორტსმენი, ვარჯიშისას, ციგიდან მაშინ გადმოვარდა, როდესაც ის ტრასის ბოლო მოსახვევს გადიოდა. როგორც იტყობინებიან, ამ დროს მისი სიჩქარე დაახლოებით 150 კმ/სთ-მდე იყო. 

ეს ტრასა, სადაც ტრაგედია მოხდა, მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და რთულ ტრასად ითვლება.

ტრაგედიის შემდეგ საქართველოს დელეგაცია მსჯელობდა თუ როგორ მოქცეულიყვნენ, მიეღოთ თუ არა მონაწილეობა გახსნის ცერემონიაში. 

გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ვანკუვერში მყოფმა კულტურისა და სპორტის მინისტრმა ნიკა რურუამ პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც განაცხადა, რომ ქართველი ათლეტები გავიდოდნენ გახსნის ცერემონიაზე და შეჯიბრებებშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, რითაც პატივს მიაგებდნენ დაღუპული თანაგუნდელის ხსოვნას.

”ჩვენმა ათლეტებმა გადაწყვიტეს, რომ ოლიმპიადის სულისკვეთების ერთგულები დარჩნენ; ისინი გააგრძელებენ შეჯიბრში მონაწილეობას, რითაც დაღუპული მეგობრის ხსოვნას მიაგებენ პატივს,” - განაცხადა ვანკუვერში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა რურუამ, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

გახსნის ცერემონიალზე მსვლელობისა და ეროვნული დროშის გამოტანის შემდეგ, საქართველოს დელეგაცია საზეიმო ღონისძიებების დასრულებას აღარ დალოდებია და მალევე დატოვა სტადიონი.

ვანკუვერში მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ამერიკელ ათლეტებთან შეხვედრისას, მომხდარის გამო სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს, იტყობინება Associated Press-ი.

პრესკონფერენციაზე საუბრისას, ნიკა რურუამ კატეგორიულად უარყო ყოველგვარი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ქუმარიტაშვილი გამოუცდელი მოციგავე იყო. მან ასეთ ვარაუდებს ”უსამართლო და უსაფუძვლო” უწოდა.

”მსოფლიო რეიტინგში ის 44-ე ადგილზე იყო; ხოლო გუშიდელი ვარჯიშის დროს მან მე-11 პოზიცია დაიკავა,” - განაცხადა რურუამ.

აღსანიშნავია, რომ ამ ტრასაზე ინციდენტს არა ერთხელ ქონია ადგილი - თუმცა ფატალური არც ერთი მათგანი ამ დრომდე არ ყოფილა. ბრიტანელმა მოციგავემ ადამ როზენმა, რომელმაც ამავე ტრასაზე ოქტომბერში მძიმე ტრამვა მიიღო, განაცხადა, რომ ეს ”ძალიან სწრაფი ტრასაა.” ”ზოგიერთ მონაკვეთზე უაღრესად დიდი სიზუსტე გმართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უბედურება გემუქრება,” - განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024