სერგეი შამბა სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი გახდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Feb.'10 / 13:06

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 13 თებერვალს რეგიონის პრემიერ-მინისტრად, როგორც მოსალოდნელი იყო, სერგეი შამბა დანიშნა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

შამბა 13 წლის განმავლობაში უცვლელად ხელმძღვანელობდა რეგიონის საგარეო უწყებას.

”ახლა მას მოუწევს მთლიანად დაკავდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებით,”- განაცხადა ბაღაფშმა და მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს ალექსანდრე ანქვაბს, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გადაინაცვლა. 

მეორე ვადით პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 12 თებერვალს ჩატარდა, ბაღაფშმა სეპარატისტული მთავრობა დღეს დილით დაითხოვა.

რეგიონის კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ორი კვირის ვადაში უნდა იქნას ფორმირებული. შამბას საგარეო უწყების ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, მისი მოადგილე მაქსიმ ღვინჯია შეცვლის, რომელიც ჟენევის დისკუსიებზე აფხაზურ დელეგაციას ხელმძღვანელობს.

”ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნო ის ხალხი, რომლებიც პროფესიონალურად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს,”- განაცხადა რეგიონის ახალმა პრემიერ-მინისტრმა.

Civil.Ge © 2001-2024