ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ ოლიმპიელს 17 თებერვალს ჩამოასვენებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Feb.'10 / 13:48

ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპულ მოციგავეს ნოდარ ქუმარიტაშვილს საქართველოში 17 თებერვალს ჩამოასვენებენ და მის მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალავენ.

21 წლის მოციგავე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა, როდესაც ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და სახიფათო უისტლერის ტრასიდან ეშვებოდა.

ეს სავარჯიშო დაშვება იყო, ხოლო შეჯიბრში ქუმარიტაშვილი 14 თებერვალს უნდა ჩართულიყო. მასთან ერთად, იმავე დღეს მისი თანაგუნდელი და მეგობარი, ლევან გურეშიძეც უნდა გამოსულიყო, თუმცა მომხდარის შემდეგ ის შეჯიბრზე აღარ გასულა. სხვა ქართველი ოლიმპიელები, ახლა უკვე ექვსნი, ასპარეზობას განაგრძობენ.

შეჯიბრის დაწყება ორგანიზატორებს და საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციას არ გადაუდიათ. ერთობლივ განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ ტრაგიკული შემთხვევა არა ტრასის გაუმართაობამ, არამედ ქართველი მოციგავის მიერ ტრასის ბოლო მოსახვევში შესვლისას დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია.

თუმცა, ასეთი განცხადების მიუხედავად, მათ ცვლილებები შეიტანეს ტრასის კონფიგურაციაში.

იმ მოსახვევის კედელი, სადაც ტრაგედია მოხდა, აამაღლეს - შედეგად შეჯიბრის დროს რომელიმე მოციგავე ტრასის ამ მონაკვეთზე ციგიდან რომც გადმოვარდნეს ის ტრასიდან არ გადავარდება. 12 თებერვალს როდესაც ტრაგედია მოხდა, ეს დამცავი კედელი არ არსებობდა და ქართველი ოლიმპიელი ციგიდან გადმოვარდნის შემდეგ ტრასიდან გადავარდა და რკინის ბოძებს შეასკდა.

მეორე ცვლილებით ორგანიზატორებმა და საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, ტრასაზე სტარტის ადგილი ქვემოთ ჩაწიეს, რითაც მანძილი შეამცირეს. ამ ცვლილებით, ტრასაზე მოციგავეთა სიჩქარე დაახლოებით 10 კმ/სთ-ით შემცირდა.

ეს საკითხი დასავლეთის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ბრიტანული Guardian-ი სვამდა შეკითხვას, თუ რატომ გახდა საჭირო ამ უსაფთხოების ზომების გატარება თუ ტრასა სახიფათო არც ყოფილა, როგორც ამას ორგანიზატორები და ფედერაცია აცხადებს.

New York Times-ი კი წერდა, რომ ტრასაზე განხორციელებული ცვლილებები ფაქტიურად ორგანიზატორების მხრიდან ”უთქმელ აღიარებას” ნიშნავდა, რომ ტრასა სახიფათო იყო. თუმცა თავად ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, გაზეთის ცნობით, ამ ცვლილებებს იმით ხსნიდნენ, რომ სურდათ ტრაგედიით აღელვებული მოციგავეთა დამშვიდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვანკუვერში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ის ამ საქმის სპეციალისტი სულ არ არის, ”მაგრამ ერთი რამ ცხადია - სპორტული შეცდომა, ადამიანის სიკვდილის მიზეზი არ უნდა გახდეს.”

შეჯიბრში 14 თებერვალს გერმანელმა მოციგავეებმა გაიმარჯვეს, რომლებმაც ოქრო და ვერცხლის მედლები გაინაწილეს, ხოლო ბრინჯაო იტალიელ მოციგავეს ერგო.

Civil.Ge © 2001-2024