უთანხმოების ნიშნები ”ალიანსში”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Feb.'10 / 19:51

ირაკლი ალასანიას პარტიამ განაცხადა, რომ აპირებს მოლაპარაკებებს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ ძალასთან თბილისის მერობის ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე შეთანხმების მიზნით, რაც წინააღმდეგობაში მოდის ალიანსი საქართველოსთვის დანარჩენი ლიდერების პოზიციასთან.

”ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი: სვლა იმისკენ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით მოვახდინოთ ამ ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას,”- განაცხადა 17 თებერვალს, საღამოს ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე იგეგმება თუ არა მოლაპარაკებები ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან მოძრაობა სამართლიანის საქართველოსთვის, აბაშიძემ უპასუხა:  ”ყველა პოლიტიკურ ძალასთან”.

მან იქვე აღნიშნა: ”არანაირი საფრთხე ალიანსს არ ემუქრება”.

თუმცა ირაკლი ალასანიას პარტიის პოზიცია აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ალიანსი საქართველოდან áƒžáƒáƒšáƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒ£áƒ áƒ˜ პარტნიორების ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ლიდერების დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის ერთობლივ განცხადებასთან, რომელიც მათ 17 თებერვალს, დღისით გააკეთეს.

მათ განაცხადეს, რომ მზად არიან ყველა ”რეალურ ოპოზიციურ პარტიასთან” მოლაპარაკებებისთვის, გარდა ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური ძალისა, რომელსაც, მათი შეფასებით, ”გაურკვეველი ფუნქცია” აკისრია დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში.

”ჩვენ კრიმინალებთან ურთიერთობა არ გვექნება,”- განაცხადა გამყრელიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნოღაიდელის მისამართით.

გამყრელიძის და უსუფაშვილის ერთობლივი განცხადება მხოლოდ მათი პარტიების სახელით გაკეთდა, თუმცა, ახალი მემარჯვენეების თქმით, ის ”წინასწარ იქნა შეთანხმებული” ალასანიასთან.

Civil.Ge © 2001-2024