სააკაშვილი: ჩემი მთავრობა მედიის თავისუფლების ერთგულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Feb.'10 / 11:10

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 17 თებერვალს, რომ ქართულ ”მედიას კვლავ აკლია ობიექტურობა და პროფესიონალიზმი”.

ლონდონში არსებულ კვლევით ცენტრ Chatham House-ში გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ”მთავრობა მედიის თავისუფლების ერთგულია” და დასძინა, რომ საქართველოში არსებობს რამოდენიმე სატელევიზიო არხი, რომელიც ”მტრულადაა განწყობილი” ხელისუფლების მიმართ.

”რამოდენიმე მტრული არხი არსებობს და მათ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია გააჩნიათ; [ისინი არიან] ძალიან, ძალიან მტრული არხები,” - განაცხადა მან.

მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ტელეკომპანიები ”მაესტრო” და ”კავკასია” - ორივე ტელეკომპანია თბილისში მაუწყებლობს.

”ასევე არსებობს სხვა დამოუკიდებელი არხებიც,” - განაგრძო სააკაშვილმა, ”არსებობს 24 რეგიონალური დამოუკიდებელი მედია არხი”.

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს მიერ სამაუწყებლო მედიის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რეგიონებში რამოდენიმე ტელეკომპანიას ის პირები ფლობენ, რომლებიც ”ახლო კავშირში” არიან áƒªáƒ”ნტრალური áƒ—უ რეგიონალური ადმინისტრაციული ორგანოების და მმართველი პარტიის მაღალი რანგის  წარმომადგენლებთან. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს რეფორმები ”პოლიტიკური დებატების უზრუნველყოფისა და გაფართოების მიზნით” და ამ კონტექსტში მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაგეგმილი რეორგანიზაცია ახსენა, რომელიც პარლამენტის სხდომებს გააშუქებს და საეთერო დროს გამოყოფს პოლიტიკოსების განცხადებებისა და პრესკონფერენციებისთვის.

სააკაშვილი მიესალმა BBC World Service Trust-სა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლობას შორის თანამშრომლობას. BBC-ის ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის მონიტორინგს და კონსულტირებას ახორციელებს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ის შეხვდა ამ ჯგუფს, რათა მოესმინა ”რა ქონდათ სათქმელი”.

 

Civil.Ge © 2001-2024