საქართველო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს მოსკოვის სამხედრო გარიგება სოხუმთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Feb.'10 / 10:48

18 თებერვალს საქართველოში აკრედიტებული უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მათ მოსკოვსა და სოხუმს შორის სამხედრო ბაზაზე შეთანხმების ხელმოწერის დაგმობისკენ მოუწოდა.

”ქართულმა მხარემ მოუწოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეუერთდნენ ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გმობს აღნიშნულ შეთანხმებას და არ აღიარებს მის ლეგიტიმურობას,” - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხედველობაში ჰქონდა ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის კარმენ რომეროს განცხადება, რომელმაც, ”როიტერის” თანახმად, áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒáƒ“ა რუსეთს გააუქმოს სამხედრო გარიგება სოხუმთან და განაცხადა, რომ ეს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა.

”ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს რაიმე იურიდიული ძალა აქვს,” - იტყობინება ”როიტერი” ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ცალკე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით, გარდა იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს თავის ყოფნას აფხაზეთში, ”მისი მიზანია ”ლეგიტიმური” იერი შესძინოს მის მიერ განხორციელებულ საქართველოს რეგიონების სამხედრო ოკუპაციას და ანექსიას”.

”რუსეთის ექსპანსიონისტური გეგმების განხორციელება რეალურ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებს,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.  

შეთანხმებას აფხაზეთში გაერთიანებული რუსული ბაზის შესახებ 17 თებერვალს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა და  სეპარატისტი ლიდერის სერგეი ბაღაფშის შეხვედრის ფარგლებში მოეწერა ხელი.

რუსული წყაროების თანახმად, შეთანხმება რუსული ბაზის 49 წლით განთავსებას ითვალისწინებს, ამ ვადის 15 წლიანი გაგრძელების შესაძლებლობით.

”შეთანხმება აწესებს პირობებს რუსეთისა და აფხაზეთის მიერ ბაზის ერთობლივად გამოყენებისათვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით,”- უთხრა ”იტარ-ტასს” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურმა წყარომ.

რუსული წყაროების ცნობით, სეპარატისტულ რეგიონში ამჟამად, დაახლოებით, 1 700 რუსი სამხედროა დისლოცირებული.   

Civil.Ge © 2001-2024