ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ოლიმპიელი ბაკურიანში დაკრძალეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Feb.'10 / 15:16

12 თებერვალს ვანკუვერში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე, სავარჯიშო დაშვების დროს ტრაგიკულად დაღუპული 21 წლის მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაკრძალვაზე შაბათს უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ქურთუკი ეცვა, დაკრძალვაზე დეპუტატებისა და მთავრობის წევრების ჯგუფთან ერთად მივიდა. 

საქართველოში მკაცრად გმობენ ნებისმიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი ქუმარიტაშვილის შეცდომა იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები, ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრები და სპორტსმენები ვანკუვერის საციგაო ტრასაზე უსაფრთხოების ნორმების ნაკლებობაზე საუბრობენ.
 
”ფაქტია, რომ დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები. გარდა იმისა, რომ სიჩქარე იყო მაღალი, სპორტსმენი არ უნდა ამოვარდნილიყო საციგაო კალაპოტიდან,” - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა თბილისში 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კანადაში გამოძიება მიმდინარეობს ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვის მიზეზების დასადგენად.

საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ და ვანკუვერის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა პირველადი გამოძიების შემდეგ განაცხადეს, რომ ტრაგიკული შემთხვევა არა ტრასის გაუმართაობამ, არამედ ქართველი მოციგავის მიერ ტრასის ბოლო მოსახვევში შესვლისას დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია. თუმცა, ასეთი განცხადების მიუხედავად, მათ ტრასის კონფიგურაციაში ცვლილებები შეიტანეს.

იმ მოსახვევის კედელი, სადაც ტრაგედია მოხდა, აამაღლეს - შედეგად, შეჯიბრის დროს რომელიმე მოციგავე ტრასის ამ მონაკვეთზე ციგიდან რომც გადმოვარდეს, ის ტრასის გარეთ არ გადავარდება.

ქუმარიტაშვილის თანაგუნდელი და მეგობარი ლევან გურეშიძე, რომელიც ქართველ ოლიმპიელებს შორის პირველი უნდა ჩართულიყო ოლიმპიურ თამაშებში, მომხდარის შემდეგ შეჯიბრზე აღარ გასულა. გურეშიძემ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და ქუმარიტაშვილის მწვრთნელმა, მისმა ბიძამ ფელიქს ქუმარიტაშვილმა დაღუპული ქართველი სპორტსმენის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.

სხვა ქართველი ოლიმპიელები, ახლა უკვე ექვსნი - სამი მოთხილამურე და სამი მოციგურავე - ასპარეზობას განაგრძობენ.

Civil.Ge © 2001-2024