ალასანია მისი ”ალიანსისგან” დამოუკიდებლად მოქმედებას იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Feb.'10 / 17:11

ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მისი პარტიის და არა ალიანსი საქართველოსთვის ეგიდით მზადაა ჩაერთოს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმების მიზნით პოლიტიკურ კონსულტაციებში.

”ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ მე მინდა პირველი ნაბიჯის გადადგმა. პოლიტიკურ ძალებს დავანახო, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდები ერთიან კანდიდატზე შეთანხმების პროცესს,”- განაცხადა მან.

”ჩვენთვის ყველა კარი ღიაა პოლიტიკურ ძალებთან სათანამშრომლოდ. არ არსებობს წინასწარ დაყენებული პირობები,”- აღნიშნა ალასანიამ.

ალიანსი საქართველოდან მისი პოლიტიკური პარტნიორები  - ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელი და სოზარ სუბარი - თანახმა იყვნენ ერთიანი კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებზე, თუმცა მასში მონაწილეობა არ უნდა მიეღო ზურაბ ნოღაიდელის პარტიას. მათ ამ პირობას, წინააღმდეგობრივი განცხადებების შემდეგ, შეუერთდა ირაკლი ალასანიაც. თუმცა დღევანდელი განცხადებით ალასანიამ მიანიშნა, რომ ის ალიანსისგან დამოუკიდებელ მოქმედებებს იწყებს.

”დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მათ [”ალიანსის” სუბიექტებს] გავაცანი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი ჩვენ გვაქვს შეუთანხმებლობა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთაზე ალიანსში, მაშინ ჩვენ ერთმანეთს უნდა მივცეთ თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა,”- განაცხადა ალასანიამ და დასძინა: ”ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება ალიანსთან შეთანხმებულია”.
 
”მე პირველი ვდგამ ამ ნაბიჯს. მივდივარ ერთიანი კანდიდატის პროცესზე შეთანხმებისკენ და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას ასევე ასეთი ნაბიჯი გადადგან,”- აღნიშნა მან.

ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებაზე და სამომავლო გეგმებზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

დღესვე, დაგეგმილია საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს თანადამფუძნებლის, ლევან გაჩეჩილაძის პრესკონფერენცია, რომლის დროსაც მოსალოდნელია, რომ ის გაახმოვანებს საბოლოო პოზიციას თბილისის მერის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე.

პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გახდეს ლევან გაჩეჩილაძე და არა ირაკლი ალასანია, რომელიც მერობის პოსტზე ჯერ კიდევ შარშან სექტემბერში დაასახელა ”ალიანსმა”. 

Civil.Ge © 2001-2024