13 პარტია პოლიტიკური არხის პირობებზე თანხმდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Feb.'10 / 19:03

13 პოლიტიკური პარტია და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 22 თებერვალს მეორე არხზე დაგეგმილი საზოგადოებრივი პოლიტიკური არხის ფორმატსა და სამაუწყებლო ბადეზე შეთანხმდნენ.

არხი, რომლის სატელიტური მაუწყებლობა მთელ ქვეყანას დაფარავს, პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებს გადასცემს პირდაპირ ეთერში; ასევე პირდაპირ ეთერში გააშუქებს ოპოზიციური პარტიების საქმიანობას.

”პარტიებს დაეთმობათ ერთსაათიანი ზოლი (”თავისუფალი ტრიბუნა“), რომელსაც გადაინაწილებენ თანმიმდევრობით. გადაცემა ეთერში გავა პრაიმტაიმში (22:00 – 23:00 საათი ),” - ნათქვამია 22 თებერვალს ხელმოწერილ მემორანდუმში.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელშეწყობით ჩატარებული მთელი რიგი კონსულტაციების შედეგად მომზადებული მემორანდუმის თანახმად, არხი  უზრუნველყოფს დებატებს კანონპროექტებზე, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს პარლამენტში. ასევე, არასასესიო პერიოდში დებატებს პოლიტიკურ თემებზე. დებატები ეთერში გავა კვირაში არანაკლებ ერთხელ და სრული პარიტეტის დაცვით მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

არხის მიერ უზრუნველყოფილი სრული მომსახურება მხოლოდ იმ პოლიტიკური პარტიებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ეს პარტიებია: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; დაიცავი საქართველო - ლევან გაჩეჩილაძე; ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; ჩვენ თვითონ; კონსერვატიული პარტია; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; საქართველოს დემოკრატიული პარტია; ქართული დასი; ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები; ხალხის პარტია; მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის; თავისუფლება.

მემორანდუმის თანახმად, ”პარტიები, რომლებიც ხელს არ მოაწერენ მემორანდუმს, არ ისარგებლებენ ახალი პოლიტიკური არხის სრული მომსახურებით. არხი უზრუნველყოფს იმ პარტიების ბრიფინგების სრული ჩანაწერების იმავდღიურ გადაცემას, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მაგრამ არ არიან მემორანდუმზე ხელისმომწერები”. ამ კატეგორიაში მოხვდნენ ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო; ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს გზა, რესპუბლიკური პარტია და ახალი მემარჯვენეები.

დავით უსუფაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, განაცხადა რომ აღნიშნულ მემორანდუმს მედიის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით მთავარ პრობლემად ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ ტელეარხებზე არსებული ხელისუფლების კონტროლი რჩება და მისი პარტიის შეთავაზებაა შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს და არა იმაზე თუ თვეში ერთხელ რომელ პარტიას რა დღეს უნდა დაეთმოს ერთი საათი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე.

Civil.Ge © 2001-2024