გაჩეჩილაძე მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში ჩაერთვება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Feb.'10 / 19:06

ლევან გაჩეჩილაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს თანადამფუძნებელი მიესალმა ირაკლი ალასანიას ინიციატივას თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის თაობაზე და განაცხადა, რომ ის ამ პროცესში ერთვება.

”ეს იქნება პრაიმერი, ეს იქნება სოციოლოგია, ეს იქნება ჩემი მონაწილეობა თუ საერთოდ არ მონაწილეობა, რაც გამოავლენს ჩემი მხრიდან ერთ კანდიდატს, ამ პროცესში ვერთვები,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს 22 თებერვალს.

თუ რა ფორმით ჩაერთვება ამ პროცესში, გაჩეჩილაძის განცხადებით, ”ამას გვანახებს კონსულტაციები, რომელიც ხვალიდან დაიწყება”.

მისი თქმით, ”მოლაპარაკებების და შეხვედრის კარი ღიაა ყველა ოპოზიციური პარტიისთვის”, მათ შორის ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვისაც.

”მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრი კომპრომისი და ვაჟკაცობა არის საჭირო იმისთვის, რომ თბილისში და ბოლოს, საქართველოში დაიწყოს გადამწყვეტი გამარჯვების მესამე ტალღა,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

მან ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას ”გამარჯვების ნაბიჯი” უწოდა. 

ალასანიამ დღეს დაადასტურა, რომ ”ალიანსის” შიგნით შეუთანხმებლობაა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ის დამოუკიდებლად ერთვება ოპოზიციურ კონსულტაციებში, სადაც ”არ არსებობს წინასწარ დაყენებული პირობები”. ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარეები ახალი მემარჯვენეებიდან, რესპუბლიკელებიდან და ასევე სოზარ სუბარი მზად იყვნენ მოლაპარაკებებისთვის იმ პირობით, თუ მასში ნოღაიდელის პარტია არ იქნებოდა ჩართული.

Civil.Ge © 2001-2024