ალასანიას პარტია მოლაპარაკებებში ყველა ოპოზიციური პარტიის ჩართულობის მომხრეა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Feb.'10 / 15:25

ირაკლი ალასანიას პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები აცხადებს, რომ მერობის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესში ყველა ოპოზიციურ ძალას უნდა ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა.

”არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა იყოს გამორიცხული იმ პროცესიდან, რომელიც არის მიმართული  ერთიანი კანდიდატის გამოკვეთისკენ,”- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების წევრმა.

შეკითხვაზე უნდა იყოს თუ არა ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ამ პროცესის ნაწილი, პეტრიაშვილმა გაიმეორა: ”არც ერთი პოლიტიკური ძალა არ  უნდა იყოს გამორიცხული ამ პროცესიდან. ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა მიეცეს შესაძლებლობა რომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოკვეთასთან დაკავშირებით.”

ნოღაიდელი და მის მიერ მხარდაჭერილი პრაიმერის იდეა გახდა შეუთანხმებლობის მიზეზი ალიანსში საქართველოსთვის. ”ალიანსის” სამი თანათავმჯდომარე ახალი მემარჯვენეებიდან, რესპუბლიკელებიდან და ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი ნოღაიდელთან ერთად პროცესში მონაწილეობის წინააღმდეგნი არიან. ამ პოზიციის გამო ირაკლი ალასანიამ ოპოზიციურ კონსულტაციებში დამოუკიდებლად ჩართვა გადაწყვიტა. თუმცა მან კატეგორიულად გამორიცხა ერთიანი კანდიდატის შესარჩევად ისეთ პროცესში მონაწილეობა, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელი დააფინანსებს. 

 

 

Civil.Ge © 2001-2024