ოპოზიციის ნაწილი მერობის ერთიანი კანდიდატის არჩევის პირობებზე მოლაპარაკებებს იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Feb.'10 / 16:22

ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია კიდევ უფრო ჩამოშორდა თავის პარტნიორებს ალიანსი საქართველოსთვის მას შემდეგ, რაც მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერთან ზურაბ ნოღაიდელთან ერთად გამოჩნდა 24 თებერვალს გამართულ შეკრებაზე, რომლის მიზანიც სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის áƒ“ემონსტრირება იყო თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის მიზნით.  

ალასანიას და ნოღაიდელის გარდა, შეკრებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა კონსერვატორების და ხალხის პარტიის ლიდერებმა, ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ და ოპოზიციურად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა.

თავიანთ გამოსვლებში პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ”ამ დიდი ერთობის” მნიშვნელობას. მათი თქმით, უკვე მიღწეულია შეთანხმება ერთიანი კანდიდატის საჭიროების თაობაზე. თუმცა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როგორ აირჩევა ეს ერთიანი კანდიდატი. 

”ერთიანი კანდიდატის შერჩევის მექანიზმი - იქნება ეს პრაიმერის ჩატარების გზით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმებით თუ ამ ელემენტების გაერთიანებით - შეთანხმდება კონსულტაციების გზით, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ,” - განაცხადა ნოღაიდელმა.

ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას სავარაუდოდ ”ორი ან სამი დღე” დასჭირდება.

თავის გამოსვლაში ირაკლი ალასანიამ გაიმეორა, რომ არავინ უნდა გამოირიცხოს ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის შერჩევის პროცესიდან. ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან ალიანსის წევრები ალასანიას პარტიასთან ერთად, ნოღაიდელთან რაიმე თანამშრომლობის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. 

”როგორ შეიძლება ვინმე გავმიჯნოთ ამ პროცესიდან?- განაცხადა ალასანიამ. ”ეს არის ნაბიჯი, რომლისგან ჩვენ უკან აღარ დავიხევთ... ერთობისკენ, შეთანხმებისკენ სვლა ადვილი არ არის, მაგრამ პოლიტიკოსებს, პირველ რიგში, უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა, რომ შეთანხმებით, ერთმანეთთან მოლაპარაკებების გზით შევძლოთ  გაერთიანება, რომელიც დაამარცხებს არჩევნებში ხელისუფლებას”.

შეკრებაზე გამომსვლელი სხვა პოლიტიკოსები მიესალმნენ ალასანიას გადაწყვეტილებას პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტნიორები ალიანსიდან ამის წინააღმდეგ იყვნენ. მათ ასევე მოუწოდეს ახალ მემარჯვენეებს და რესპუბლიკელებს ალასანიას პოზიცია გაიზიარონ.      

”ლევან გაჩეჩილაძეს მინდა გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ამ ერთობის მიღწევაში მონაწილეობს აქტიურად, მაგრამ მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ირაკლი ალასანიას, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ერთიანობის მიღწევის გზაზე,” - განაცხადა ნოღაიდელმა.

Civil.Ge © 2001-2024