ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები საკუთარი პოზიციის ერთგულები რჩებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Feb.'10 / 18:33

ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათი პოზიცია ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან თანამშრომლობის დაუშვებლობის შესახებ უცვლელი რჩება მას შემდეგაც, რაც მათი ”ალიანსის” ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს ნოღაიდელთან ერთად გამოჩნდა საზოგადოებრივ შეკრებაზე, სადაც ოპოზიციურ სპექტრს მერობის ერთი კანდიდატის ირგვლივ ერთიანობისკენ მოუწოდეს.

”ჩვენ არ ვაპირებთ ნოღაიდელის მიმართ პოზიციის შეცვლას,”- განუცხადა Civil.ge-ს ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან, ”მისი მთავარ პერსონაჟად შემოყვანა ამორალურია, რადგან ნოღაიდელი არის გამზადებული იარლიყი ოპოზიციისთვის, რაც ხელისუფლებისთვის დიდი საჩუქარია”.

ხელისუფლების მიერ ”პრორუსულად” მონათლული ზურაბ ნოღაიდელის ფიგურა და მის მიერ კონსერვატორებთან და ხალხის პარტიასთან ერთად ლობირებული პრაიმერის იდეა შეუთანხმებლობის მიზეზი გახდა ირაკლი ალასანიასა და ალიანსი საქართველოსთვის დანარჩენ სუბიექტებს შორის, რის გამოც ალასანიამ დამოუკიდებლად მოქმედება დაიწყო. ალიანსის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კომპრომისული ვარიანტის სახით ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიური კვლევის ჩატარებისკენ მოუწოდა.  

”თუ პრაიმერისტები უარს იტყვიან თავის გზაზე, დათანხმდებიან სოციოლოგიურ კვლევებს და ამ კვლევებით გამარჯვებული იქნება ალასანია, რა თქმა უნდა, ჩვენ მას [ალასანიას] მხარს დავუჭერთ, მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რაც მისი მხრიდან გადაიდგა, რადგან კვლავაც ის გვესახება ჩვენ დემოკრატიულ ალტერნატივად,”- განაცხადა ჩიხრაძემ.

თუმცა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან Civil.ge-ს განუცხადა, რომ ის ვერც სოციოლოგიური კვლევის აუცილებლობას ვერ ხედავს.

”ფორმულა არის ძალიან მარტივი - გამოვიდნენ ძიძიგური და დავითაშვილი [პრაიმერის მომხრეთა ჯგუფში დასახელებული მერობის კანდიდატები] და მოხსნან თავიანთი კანდიდატურები ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ, რომელიც დღეს გმირად გამოაცხადეს,”- განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ალიანსი საქართველოსთვის არ დაშლილა - ”ვნახოთ რა იქნება”.

ფიქრია ჩიხრაძემ კი აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიას დღევანდელი ქმედებით მისი ალიანსში ”დაბრუნების შანსები იკლებს”.  

Civil.Ge © 2001-2024