ეკონომიკურ თანამშრომლობაზე აშშ-საქართველოს მოლაპარაკებები გაიმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Feb.'10 / 19:43

25 თებერვალს თბილისში აშშ-საქართველოს ეკონომიკურ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება, რომელიც ორ ქვეყანას შორის შარშან იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გაიმართება.

აშშ-ის სამთავრობო დელეგაციას, რომელიც საქართველოს 24-26 თებერვალს ეწვევა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში, ხოსე ფერნანდესი ხელმძღვანელობს.

”სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას მხარეები ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის მსვლელობისას, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, გაფორმდება აშშ-საქართველოს შეთანხმება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში თანამშრომლობის შესახებ,” - ნათქვამია თბილისში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შექმნილია სულ ოთხი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც ქარტიის ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობენ - დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და ხალხთა შორის ურთიერთობის საკითხებზე.

დანარჩენი სამი ჯგუფის პირველი შეხვედრები, რომლებსაც საქართველომ უმასპინძლა, უკვე გაიმართა (ნოემბერში, ოქტომბერსა და იანვარში). 25 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრით დასრულდება სამუშაო ჯგუფებში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი.

Civil.Ge © 2001-2024