ალასანია ”ალიანსი საქართველოსთვის” პოზიციებს უბრუნდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Mar.'10 / 13:10

ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 28 თებერვალს, რომ იგი არ მიიღებს მონაწილეობას პრაიმერში მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად. მან ასევე კატეგორიულად უარყო რაიმე განზრახვა ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის თანამშრომლობის შესახებ. 

ამ განცხადებით, ალასანია ისევ ალიანსიდან თავისი პარტნიორების  - ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების პოზიციას დაუბრუნდა. 

“ჩემი პარტნიორები [ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები] იძახდნენ და ამ პოზიციაში გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა, რომ ჩვენ არანაირ პოლიტიკურ ალიანსს, არანაირ პოლიტიკურ პროცესში არ ვიქნებით ნოღაიდელის პარტიასთან ერთად. ჩემი ნაბიჯი იყო გადადგმული იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც საკუთარი კანდიდატურა აქვთ წამოყენებული მერობის პოსტზე,” - განაცხადა ალასანიამ.

მას მხედველობაში ჰყავდა ხალხის პარტია და კონსერვატორები, რომელთა ლიდერებმაც, კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა, შესაბამისად, განაცხადეს, რომ ისინი თბილისის მერის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ორივე პარტია ზურაბ ნოღაიდელთან ერთად, რომელიც თავად არ აყენებს კანდიდატურას, მხარს უჭერდა ერთიანი კანდიდატის პრაიმერით გამოვლენას. ხალხის პარტიამ და კონსერვატორებმა უკვე რამდენჯერმე განაცხადეს ბოლო დღეებში, რომ ისინი არ იტყვიან უარს ნოღაიდელის პარტიასთან თანამშრომლობაზე.

”ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები მტკიცედ ვდგავართ ერთ გზაზე - ჩვენ არჩევნებში მივდივართ გამარჯვებისთვის; ყველა ძალა, რომელიც ჩვენთან ერთად დადგება, ჩვენ დავუდგებით მათ გვერდში ამ გამარჯვების მისაღწევად, ჩემთვის არის მისაღები, გარდა ერთადერთი პოლიტიკური ძალისა და არაერთხელ გვითქვამს - ეს არის ნოღაიდელის პარტია,” - განაცხადა ალასანიამ 28 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველკვირეულ გადაცემაში ”აქცენტები” საუბრისას.

მან რამოდენიმეჯერ გაიმეორა თავის სატელევიზიო ინტერვიუში, რომ ნოღაიდელზე ეს პოზიცია მისი პარტიის გამოკვეთილი პოზიციაა - თუმცა ეს პოზიცია განსხვავდება მისი და მისი პარტიის სხვა წევრების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებისგან, რომლის თანახმადაც ”ყველას”, მათ შორის ნოღაიდელის პარტიასაც, შეუძლია გახდეს ერთიანი კანდიდატის არჩევის პროცესის მონაწილე. ამ  პოზიციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება ერთიანი კანდიდატის არჩევის შესახებ კონსულტაციებში მონაწილეობის შესახებ, რასაც მის პარტნიორებთან უთანხმოება მოყვა, ”რისკიანი ნაბიჯი” იყო. რესპუბლიკელებმა და ახალმა მემარჯვენეებმა განაცხადეს, რომ ეს ალასანიას ”შეცდომა” იყო.

”როდესაც მიდიხარ ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის გზაზე, ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს იყო სარისკო გზა; მე რისკიანი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად გამოიღებს შედეგებს. ჩვენ ერთიანი ფრონტით გავალთ ამ არჩევნებში - ის პოლიტიკური ძალები, ვისაც გვაერთიანებს ღირებულებები და არა მხოლოდ ეკლექტური გაერთიანება,” - განაცხადა ალასანიამ.

”სარისკო ნაბიჯი იყო თუ არა შეცდომა, ამას შედეგების მიხედვით დავინახავთ, საზოგადოება ამას დაინახავს უახლოეს მომავალში,” - განაცხადა მან დეტალების დაზუსტების გარეშე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ მოვლენების ”დინამიკა გაზარდა” და ეს ოპოზიციურ ფრონტზე პოლიტიკური ლანდშაფტის ”დაწმენდას” დაეხმარება.

”სწორედ ახლა მოხდება დაწმენდა პოლიტიკური ძალების, ვინ ვის გვერდში დგას და ვინ წაიყვანს საზოგადოებას გამარჯვებისკენ,” - დასძინა ალასანიამ, ”ვიღაცას ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა”.

მან ასევე განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ის შედეგი, რომლის მიღწევაც ამ ნაბიჯით სურდა, დაეხმარება მას კვლავ მოიპოვოს იმ ამომრჩევლების მხარდაჭერა, რომელთაც მისმა ამ გადაწყვეტილებამ იმედები გაუცრუა.

ალიანსი საქართველოსთვის წევრმა და თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა იმავე გადაცემაში საუბრისას, რომ ალასანიას გადაწყვეტილება ეთანამშრომლა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან  წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისი თქმით, ახლა ნათელია, რომ არ არსებობს ”ეფემერული ერთობის” საჭიროება.

აღიარა რა, რომ ალასანიას გადაწყვეტილება შესაძლოა საზიანო ყოფილიყო ალიანსი საქართველოსთვის, სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ამ ქმედებას ასევე გააჩნია პოტენციალი, რომ ალიანსისთვის დადებით ტენდენციად იქცეს. 

”საზოგადოების იმ ნაწილში, რომლისთვისაც ალიანსი იყო გარკვეული იმედი, მაგრამ ამავე დროს ფიქრობდნენ, რომ რაღაც დიდი გაერთიანება არის მნიშვნელოვანი და აქეთკენ მოუწოდებდნენ, უცებ დაინახეს, რომ ის ერთობა, რომელიც მართლა მყარი და ღირებული ერთობაა, რომელიც მართლა ძლიერი ერთობაა და რომელსაც მართლა შეუძლია გამარჯვება, უცებ შეიძლება დადგეს საფრთხის წინაშე. საზოგადოება ამან გამოაფხიზლა, საზოგადოება ამან გააერთიანა და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მხარდაჭერა ალიანსს ექნება გაცილებით ძლიერი და გაცილებით მყარი. ყველამ დაინახა, რომ რაღაც ეფემერულ ერთობებს კი არ უნდა გამოვეკიდოთ, არამედ ძალას უნდა დავუჭიროთ მხარი,” - განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ იგი არა მარტო ნოღაიდელის პარტიასთან თანამშრომლობის წინააღმდეგია, არამედ ყველა იმ პარტიასთან, რომლებიც უარს არ აცხადებენ ნოღაიდელის პარტიასთან თანამშრომლობაზე.

მიუხედევად იმისა, რომ ალასანიამ განაცხადა თავის სატელევიზიო ინტერვიუში, რომ მისი გადაწყვეტილება კონსერვატორების და ხალხის პარტიისკენ იყო მიმართული, რესპუბლიკელების წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ ალასანიას საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის მხარდაჭერის მოპოვება სურდა. გაჩეჩილაძეს თბილისის მერობის კანდიდატად კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ  არ მიუღია. იგი მერობის პოტენციურ კანდიდატად განიხილება. გაჩეჩილაძე ჩაერთო  მოლაპარაკებებში ერთიანი კანდიდატის შერჩევის თაობაზე. მისი თქმით, იგი ”ხიდის” როლს თამაშობს მოლაპარაკებებში მონაწილე სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის და მხარს დაუჭერს ”ნებისმიერ გადაწყვეტილებას” ან კანდიდატს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმეტესობა დაუჭერს მხარს. გაჩეჩილაძე რამოდენიმე პოლიტიკურმა ფიგურამ, ძირითადად რესპუბლიკური პარტიიდან, იმის გამო გააკრიტიკა, რომ იგი დროულად არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.

Civil.Ge © 2001-2024