”პრაიმერის” ინიციატორი პარტიები ”კომპრომისზე” მიდიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Mar.'10 / 13:30

ე.წ. ”პრაიმერის” ინიციატორი პარტიები, ამ ეტაპზე უარს აცხადებენ წინასწარი არჩევნების ჩატარებაზე და ეთანხმებიან თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიური კვლევის ჩატარების ”კომპრომისულ” იდეას.

ამის შესახებ სპეციალური განცხადება დღეს ხალხის პარტიამ, კონსერვატორებმა და ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის პრაიმერის მომხრე კიდევ სამ პარტიასთან ერთად გაავრცელეს.

ამას წინ უძღოდა ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადება, რომ ის პრაიმერში მონაწილეობას და რაიმე პოლიტიკურ თანამშრომლობას ნოღაიდელის პარტიასთან არ აპირებს, რითაც ის კვლავ დადგა ალიანსში საქართველოსთვის გაერთიანებული სუბიექტების უმრავლესობის პოზიციაზე. ალასანიასგან განსხვავებით, მისი პარტნიორები ”ალიანსიდან” - ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები და სოზარ სუბარი თავიდანვე მკაფიოდ გაემიჯნენ ”პრაიმერისა” და ნოღაიდელთან თანამშრომლობის გზით ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის იდეას და კომპრომისული ვარიანტის სახით ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენა შესთავაზეს.

”კვლევა უნდა ჩატარდეს ერთობლივი კონტროლის პირობებში არჩევნების დანიშვნამდე - მიმდინარე წლის აპრილის პირველ ნახევარში,”- ნათქვამია ”პრაიმერის ჯგუფის” განცხადებაში, ”მზად ვართ ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესის შესახებ ნებისმიერი წინადადება განვიხილოთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ერთად 2010 წლის 7 მარტის ჩათვლით. 7 მარტის შემდეგ წესები შემუშავებული იქნება პრაიმერის ინიციატორი პარტიების მიერ დამოუკიდებლად”.

ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პირადად ის მერის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და ”გაუგებარი” უწოდა მის ირგვლივ ატეხილ ”აჟიოტაჟს”. მან ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს ”ფინანსური” მონაწილეობა მიიღოს სოციოლოგიურ კვლევაში. 

”რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა იმაში, მითუმეტეს ფინანსური მონაწილეობა, რაშიც მე თვითონ მონაწილეობას არ ვიღებ?” - განაცხადა მან და განაგრძო, ”ეს საკითხები საერთოდ მხოლოდ და მხოლოდ ყურით მოთრეულია და საბაბად იქნა გამოყენებული, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შერჩევის საწინააღმდეგოდ”. 

აქვე, პრაიმერის ინიციატორი პარტიები აცხადებენ, რომ ცალმხრივად უარს ამბობენ ”ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ოპოზიციის დაქსასვის და ურთიერთდაპირისპირების კამპანიაში” მონაწილეობაზე.

”2010 წლის 30 მაისამდე არ ვაკრიტიკებთ არცერთ არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალას და არ გავცემთ პასუხს არცერთ ცილისწამებას და შეურაცხყოფას, რათა ხელისუფლებას და მის მიერ კონტროლირებად პოლიტიკურ და მედია-სტრუქტურების არ მიეცეს ახალი სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობა,”- ნათქვამია მათ განცხადებაში.

ბოლო პერიოდში ე.წ. ”პრაიმერი ჯგუფისა” და ”ალიანსის” წარმომადგენლებს შორის სატელევიზიო დებატებმა მწვავე ხასიათი მიიღო.

Civil.Ge © 2001-2024