სააკაშვილის თქმით, 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენას არ აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Mar.'10 / 14:25

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამორიცხა რაიმე სცენარი იმისა, რომ დარჩება ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ, როცა მისი პრეზიდენტობის მეორე და საბოლოო ვადა ამოიწურება.

რუსულ ყოველკვირეულ გამოცემასთან, ”კომერსანტ ვლასტ”-თან ინტერვიუში, კითხვაზე რა შეიცვლება რუსულ-ქართულ ურთიერთობებში 2013 წლამდე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება არ აპირებს რაიმე კავშირი იქონიოს სააკაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტმა კითხვითვე უპასუხა: ”ვინ უთხრა მათ რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება იარსებებს მხოლოდ 2013 წლამდე?”

”დიახ, მე აღარ ვიყრი კენჭს პრეზიდენტად. მაგრამ, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ის იდეოლოგია, რომელსაც მე წარმოვადგენ, აღარ იქნება პრიორიტეტული საქართველოს მოსახლეობისთვის. არ იქნება სააკაშვილი, იქნება ვინმე სხვა. მაგრამ კურსი იქნება იგივე,”- განაცხადა მან. 

კითხვაზე 2013 წლის შემდეგ რის გაკეთებას აპირებს და ხომ არ აქვს საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევის განზრახვა, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის კონსტიტუციას ”საკუთარ თავზე არ მოირგებს”.

”მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა იყოს ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება. ამას გარდა, ყოველ ადამიანს ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი რესურსი გააჩნია. 2013 წლისთვის, როგორც ქვეყნის ლიდერი, მე ჩემს რესურსს, ალბათ, მეტ-ნაკლებად ამოვწურავ. შეიძლება, რამდენიმე წლის შემდეგ მოხდეს აღდგენა. არ ვიცი,”- áƒ’ანაცხადა áƒ›áƒáƒœ.

”მაგრამ ეს სწორია, რომ არსებობს მმართველობის ვადების შეზღუდვა. არ ვფიქრობ, რომ საქართველოში იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა. ჩვენ იმდენი გამოწვევა გვაქვს. რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებდით, ითხოვდა ხელისუფლების გარკვეულ კონცენტრირებას, რათა რომელიმე პატარა ჯგუფს არ შეძლებოდა სერიოზული რეფორმების ბლოკირება. მაგრამ ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული თავისუფალი პრესით და სხვა ინსტიტუტების მიერ. ამის გარეშე  ქვეყანა თავისუფალი ვერ იქნება,”- აღნიშნა სააკაშვილმა ინტერვიუში.

Civil.Ge © 2001-2024