”იმედის” გამოგონილ ამბავს ახალი განვითარება მოყვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Mar.'10 / 13:19

”იმედის” ე.წ. მოდელირებულ ”ქრონიკასთან” დაკავშირებულმა მოვლენებმა 15 მარტს ახალი განვითარება პოვა მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც, თუ მისი ავთენტურობა დადასტურდება, მიანიშნებს, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ შეგნებულად აარიდა თავი მაყურებლის მკაფიოდ გაფრთხილებას, რომ რეპორტაჟი გამოგონილ ამბავს ეხება.

სატელეფონო საუბარში, რომელიც სავარაუდოდ, ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელს გიორგი არველაძეს და მის მოადგილეს ეკა წამალაშვილს შორის შედგა, ასევე ფიგურირებს ”მიშა”, რაც მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს  მათ ბრალდებებს, ვინც მიიჩნევს, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა, სულ ცოტა, წინასწარ მაინც იცოდა დადგმული სიუჟეტის შესახებ.

მართალია არველაძემ არ უარყო, რომ მაღალი ხარისხით გაკეთებულ ჩანაწერში მისი ხმა ისმის, მაგრამ მან კატეგორიულად უარყო მისი ავთენტურობა და განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი არის მისი სხვადასხვა საუბრებიდან ამოკრეფილი ნაწილების ”კომპილაცია”.

”ასეთი საუბარი არ შემდგარა,” - განუცხადა არველაძემ ”რუსთავი 2”-ს ტელეფონით, ”ეს არის რუსული სპეცსამსახურების მორიგი პროვოკაცია,”

”სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ის მასალა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ინტერნეტ გვერდმა გამოაქვეყნა არის აბსოლუტური ფაბრიკაცია”.

ეკა წამალაშვილის პოზიცია სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით მისი უფროსის ანალოგიური იყო. მისი თქმით, ეს იყო ”ფაბრიკაცია”, რომელიც ცალკე აღებული საუბრების შეკრებით იქნა შედგენილი.

სატელეფონო ჩანაწერში მამაკაცი და ქალი, რომელთა ხმებიც გიორგი არველაძის და ეკა წამალაშვილის ხმებს გავს, ”მოდელირებული ქრონიკის” და მის შემდეგ დაგეგმილი თოქ-შოუს დეტალებს განიხილავენ.

საუბრის დასაწყისში ქალი ეუბნება თანამოსაუბრეს, რომ იმიტირებული რეპორტაჟი ძალიან რეალისტურად გამოიყურება და თუ ვინმე დასაწყისიდან ვერ უყურებს მას და გაფრთხილებას გამოტოვებს, შეიძლება ჩათვალოს, რომ ”ეს სინამდვილეა”.

”ეგეთი უნდა იყოს,” - პასუხობს კაცი, რომელსაც მისი თანამოსაუბრე ”გიორგით” მიმართავს.

შემდეგ ქალი აფრთხილებს თანამოსაუბრეს, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევა იქნება, თუ რეპორტაჟს არ ექნება ტიტრი ეკრანზე, რომ ეს დადგმული რეპორტაჟია.

”არა,” - პასუხობს მამაკაცი, ”მიშა მელაპარაკებოდა გუშინ და მკითხა, ხო ისე გავაო, როგორც ”ქრონიკაო” და მე ვუთხარი ხო-თქო, მაგრამ წინასწარ იტყვიან, რომ ეს არის მოდელირება. ეგ არ თქვათო რა, მთელ მუღამს დაუკარგავსო.”
 
15 მარტს, მანამ სანამ ამ ჩანაწერს ქართული ტელეარხები გაუშვებდნენ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ კატეგორიულად უარყო ბრალდებები, რომ პრეზიდენტი ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი წინასწარ საქმის კურსში იყო ამ გამოგონილი სიუჟეტის შესახებ. მან ”აბსურდული” უწოდა ბრალდებებს, რომ თითქოს ეს სიუჟეტი ხელისუფლების დაკვეთით გაკეთდა.

მას შემდეგ, რაც მოისმინა მამაკაცის არგუმენტები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდოდა ”მიშას” რეპორტაჟის გაშვება, ქალი შეშფოთებას გამოხატავს და ისევ აფრთხილებს თანამოსაუბრეს, რომ ტიტრის გარეშე და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რეპორტაჟმა შესაძლოა ხალხი შეაშინოს.

”მართლა რაღაც შეიძლება მოხდეს, თუ წინასწარ არ გავაკეთებთ გაფრთხილებას... შეიძლება ვიღაცას გული გაუსკდეს... ამ შემთხვევაში პასუხს ვინ აგებს? შენ და მე,” - ამბობს ქალი.

ამის საპასუხოდ მამაკაცი ამბობს, რომ მან დადგმული რეპორტაჟის ზოგადი მონახაზი, წერილობითი ფორმით გაუგზავნ აგია ნოდიას, ყოფილ განათლების მინისტრს და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ზურაბ დავითაშვილს. ”ორივე მათგანმა მომწერეს პასუხი, რომ მაგარიაო... ყველას ძალიან მოეწონა და თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ამის შექმნაში მონაწილეობდნენ ექსპერტებიც,” - უთხრა მან..

ზურაბ დავითაშვილმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია, დაადასტურა Civil.Ge-სთან სატელეფონო საუბრისას, რომ მან ელექტრონული ფოსტის საშუალებით მართლაც მიიღო სიუჟეტის ზოგადი მონახაზი.

”დიახ, ამას ვადასტურებ. მაგრამ არ ვიცოდი, რომ ამას ისე წარუდგენდნენ მაყურებელს, როგორც ეს მოხდა... ზოგიერთ საკითხს არ ვეთანხმები, მე ჩემი აზრი მქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მათზე [ავტორებზე] იყო დამოკიდებული,” - განაცხადა ზურაბ დავითაშვილმა, რომელმაც რამოდენიმეჯერ გაიმეორა, რომ არ იცოდა წინასწარ, რომ რეპორტაჟი გამაფრთხილებელი ტიტრის გარეშე გავიდოდა.

გია ნოდიამ ასევე დაადასტურა ტელეკომპანია ”მაესტროსთან” სატელეფონო საუბრისას, რომ მასაც გააცნეს სიუჟეტის მონახაზი წინასწარ. 

საუბრის ბოლოს მამაკაცი ეუბნება თანამოსაუბრეს: ”გადაცემის დასაწყისში ძალიან დეტალურად ნუ ახსნით იმას, რომ ეს არის fake-ი [იყენებს ინგლისურ სიტყვას, რომელიც ყალბს ნიშნავს]”.

15 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია ”იმედმა” დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კანონი და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და დაავალა ტელეკომპანიას ბოდიში მოიხადოს, რაც არხმა კომისიის დავალდებულების გარეშეც უკვე გააკეთა. ტელეკომპანიას ასევე დაევალა კომისიის გადაწყვეტილების ტექსტი სრულად წაიკითხოს თავის 8 საათიანი ”ქრონიკის” გამოშვებაში.

”ჩვენ პატივს ვცემთ კომისიის გადაწყვეტილებას და ვეთანხმებით მას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჟურნალისტიკის სტანდარტები და ეთიკა დაცული იყოს ”იმედის” მიერ და ჩვენ შევეცდებით ჟურნალისტიკის საუკეთესო მაგალითი ვაჩვენოთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ადგილობრივ არჩევნებს ვუახლოვდებით,” - განაცხადა გიორგი არველაძემ.

Civil.Ge © 2001-2024