სააკაშვილი: ”თუ ვინმეს ეკუთვნის ქება, ეს პირველ რიგში უგულავაა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Apr.'10 / 16:18
მშენებარე ხიდის, როგორც პრეზიდენტმა უწოდა, ”სიმბოლური გახსნა” რიყეზე. ”რუსთავი 2”-ის კადრი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 აპრილს განაცხადა, რომ თბილისში მიმდინარე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ”მე ბევრი საქებარი სიტყვა მოვისმინე ჩემს მიმართ, მთავრობის მიმართ”.

”მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის ქება ეს პირველ რიგში არის თბილისის მერი [გიგი უგულავა],” - განაცხადა სააკაშვილმა.

”ყოველგვარი საარჩევნო კამპანიის კონტექსტის გარეშე - და კიდევ კარგი ჯერ ოფიციალურად კანდიდატები არ არიან დასახელებულები - ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე, მოდით დავიდოთ გულზე ხელი და ჩვენი მთავრობის ყველაზე უფრო მკაცრმა კრიტიკოსმაც, ოღონდ ობიექტურობის მქონემ, თქვას - როდესმე, რომელიმე პერიოდში, თბილისის მრავალსაუკონოვანი ისტორიის [განმავლობაში] გაკეთებულა თუ არა ერთჯერადად ამდენი რამ, რამდენიც შენდება დღეს,”- განაცხადა მან.

სააკაშვილმა ეს განცხადება რიყეზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც მან ფეხით მოსიარულეთა მშენებარე ხიდი მოინახულა და მისი ”სიმბოლური გახსნა” გამოაცხადა. ხიდის არქიტექტორმა მიქელე დე ლუკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან თავდაპირველად ხიდის რამოდენიმე პროექტი შეიმუშავა, რომელთაგან ერთ-ერთი, რომელიც ამჟამად შენდება, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აარჩია.

”როდესმე, რომელიმე პერიოდში საქართველოს ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე აშენებულა თუ არა საქართველოში ამდენი რამ, რამდენიც შენდება ამ წლებში ჩვენი ხელებით, იმ ხალხის ხელებით, რომლებიც დღეს აქ ხართ შეკრებილები,”- მიმართა მან ხიდის მშენებლობაზე მომუშავეებს, რომლებიც სააკაშვილის გამოსვლას ესწრებოდნენ, და მათ ”თანამედროვე საქართველოს აღმშენებლები” უწოდა.

”დრო როცა მეფეებს ერქვათ აღმშენებლები, ძლიერები, დიდები - ეს მნიშვნელოვანი დრო იყო, რა თქმა უნდა ბევრს ნიშნავდა ძველ დროში მეფე - მაგრამ დღეს, დემოკრატიის პირობებში... თითოეული ადამიანი არის შემქმნელიც, მეფეც, პრეზიდენტიც, მერიც, აღმშენებელიც, ბრწყინვალეც და სხვა ტიტულების დამსახურებელი თანამედროვე საქართველოში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღესვე, სააკაშვილმა, თბილისის მერთან ერთად გმირთა მოედანზე მშენებარე ესტაკადაც მოინახულა.

”ეს პროექტი არის მართლაც გარღვევა ამ ქალაქის კომფორტულად ქცევის კუთხით,” - განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, იმის გარდა, რომ ესტაკადა და ”მზიურის” პარკზე გამავალი მშენებარე ტრასა საავტომობილო მოძრაობას  56%-ით განტვირთავს, პროექტით თავად ”მზიურის” პარკი ”რვაჯერ დიდდება”.

”თბილისში ჩნდება ისეთივე პარკი, როგორიც არის ცენტრალური პარკი ნიუ-იორკში - ყოველგვარი გაზვიადების გარეშე”, რომელიც, მისი თქმით, ოქტომბერში, ან ნოემბერში გაიხსნება.

”რაც მე ტელევიზიით გინება ვისმინე ამ ესტაკადის... მაინც გავიყვანთ გინდა გვაგინეთ და გინდა გვესროლეთ რამდენიც გინდათ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”დაწყნარდებიან თვის ბოლოს,” - áƒ¦áƒ˜áƒ›áƒ˜áƒšáƒ˜áƒ— უთხრა სააკაშვილს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა, ”ამ ესტაკადას ამ თვის ბოლოს ვასრულებთ და უკვე 26-ში [აპრილს] ბეტონის დაგებას ვიწყებთ... და მერე შეგვაქებენ”.

Civil.Ge © 2001-2024