ქრისტიან-დემოკრატებმა, ჩვენ თვითონ და ქრისტიან-დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ ბლოკი შექმნეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Apr.'10 / 15:30

საპარლამენტო უმცირესობის ორი პარტია - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და პარტია ჩვენ თვითონ, ასევე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისათვის ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა.

ამ გადაწყვეტილების შესახებ  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამივე ორგანიზაციის ლიდერებმა, შესაბამისად, გიორგი თარგამაძემ, პაატა დავითაიამ და მაგდა კოტრიკაძემ განაცხადეს. მათი თქმით, გაერთიანება იდეოლოგიურმა თანხვედრამ განაპირობა. ბლოკში პაატა დავითაია წინასაარჩევნოდ კონკრეტულად დევნილების მიმართულებით იმუშავებს.

ბლოკი, რომლის სახელწოდებაც ამ ეტაპზე შერჩეული არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს არა პარიტეტული პრინციპით, არამედ ადგილობრივი კანდიდატების სიძლიერის მიხედვით შეარჩევს.

ქრისტიან-დემოკრატებს უკვე დასახელებული ჰყავთ თბილისში საკუთარი მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები - გია ჭანტურია და ინგა გრიგოლია, ასევე რამოდენიმე მაჟორიტარი კანდიდატიც.

Civil.Ge © 2001-2024