ბაქრაძემ წინასაარჩევნოდ სახელმწიფო მოხელეები გააფრთხილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Apr.'10 / 18:25

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო მოხელეები არჩევნებში ”არასწორი” ჩარევის წინააღმდეგ გააფრთხილა.

”მინდა გავაფრთხილო ყველა, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი და ჩარევა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან იქნება მკაცრად დასჯილი და იძულებული ვიქნებით მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები,” –  განაცხადა მან.

ბაქრაძემ საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გაკონტროლებისკენ მოუწოდა და მიესალმა მემორანდუმს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან 8 აპრილს გააფორმა.

მემორანდუმი განმარტავს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ ადმინისტრაციული რესურსების თანაბრად გამოყენების წესებს, რომელთა მიხედვითაც იხელმძღვანელებენ საარჩევნო დავების სასამართლო და ადმინისტრაციული განხილვების დროს.

მემორანდუმის თანახმად, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეფუძნება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო დროს; ასევე ამ მიზნით სამსახურეობრივი ადამიანური ან მატერიალური რესურსის გამოყენება; ამასთან, საარჩევნო მიზნებისათვის სახელმწიფოს კუთვნილი შენობა-ნაგებობები; საკომუნიკაციო საშუალებები და სხვა სახის ტექნიკა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. 

Civil.Ge © 2001-2024