ოპოზიცია ერთობლივ მიმართვას აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Apr.'10 / 11:09

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ჯგუფმა 12 აპრილს ერთობლივი მიმართვა გააკეთა საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხოელი დიპლომატების სახელზე, სადაც მოუწოდეს დააკვირდნენ სასამართლო პროცესებს იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც, ოპოზიციის თქმით, პოლიტიკური მოტივებით არიან დაპატიმრებულები.

კერძოდ, 12 აპრილს გაკეთებული ერთობლივი მიმართვა ყურადღებას ამახვილებს მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ყოფილი წევრის ეკა ბესელიას ძმის და შვილის საქმეზე. მისი ძმა სერგო ბესელია და შვილი რატი მილორავა შარშან აგვისტოში დააპატიმრეს, ხოლო დეკემბერში ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ, შესაბამისად, 2,5 და 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მისი ძმა და ვაჟიშვილი მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო დააკავეს და გაასამართლეს. ბესელიამ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია თებერვალში დატოვა და ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანიცაა ”უკანონოდ დაპატიმრებული პირების უფლებებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის ბრძოლა”. ბესელია აცხადებს, რომ ”პოლიტიკური მოტივით” 56 ადამიანია დაკავებული სხვადასხვა სისხლის სამართლებრივი ბრალდებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ბესელიას და მილორავას საქმეს 16 აპრილს განიხილავს. ერთობლივი მიმართვის ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი 15 აპრილს 15:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

”არსებობს საკითხები, რომლებზეც ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ,” - განაცახდა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიმართვის ხელმოწერის დროს.

”მოხარული ვარ, რომ ამ საკითხმა ჩვენ ყველა გაგვაერთიანა,” - განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.

მიმართვას, სხვა პარტიებთან ერთად, áƒáƒ¡áƒ”ვე მოაწერეს ხელი ალიანსმა საქართველოსთვის; ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ; ლეიბორისტულმა პარტიამ; ეროვნულმა ფორუმმა; მრეწველთა პარტიამ და ლევან გაჩეჩილაძის საზოგადოებრივმა მოძრაობამ დაიცავი საქართველო.

Civil.Ge © 2001-2024