მთავრობამ ”სამართლიანი არჩევნებისთვის” უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Apr.'10 / 19:54

30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისთვის მთავრობამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ხელახლა შექმნა.

ასეთი ჯგუფი პირველად 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიქმნა და ასევე განაახლა მუშაობა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

”უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავრობის სწრაფი რეაგირების მექანიზმია, რომლის მიზანია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა,”- აცხადებს მთავრობა 13 აპრილს გავრცელებულ ცნობაში.

ამავე ინფორმაციით, ჯგუფში წარმოდგენილნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსნები.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ჯგუფი ითანამშრომლებს არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

”კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი უპასუხებს სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ ყველა წუხილს და შეკითხვას,”- ნათქვამია განცხადებაში.

საარჩევნო პროცესების მონიტორინგის მიზნით პარლამენტში ასევე ფუნქციონირებს ინტერფრაქციული ჯგუფი.

Civil.Ge © 2001-2024