ალასანია რუსეთთან ”ურთიერთობების ნორმალიზების” საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Apr.'10 / 15:20

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ”სერიოზულად დაიწყოს საქართველომ ფიქრი ნორმალური ურთიერთობის დამყარებისთვის რუსეთის ფედერაციასთან”. მისი თქმით, ეს ქვეყნის ”სასიცოცხლო ინტერესია”.

”მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი, სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს,” - განაცხადა ალასანიამ გაზეთ ”რეზონანსითვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 15 აპრილს გამოქვეყნდა.

“მიუხედავად დღეს შექმნილი ურთულესი ვითარებისა, რომელიც ერთი შეხედვით ჩიხურად გამოიყურება, მე ვთვლი, რომ არსებობს რესურსი რუსეთის ფედერაციას და საქართველოს შორის დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი,” - განაცხადა ალასანიამ ინტერვიუში.

მისი თქმით, იგი ვერ ხედავს იმის რაიმე ნიშნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შეცვლის საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის არაღიარების პოლიტიკას. ”მაგრამ, ამასთანავე, რაც მალე მოხდება ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, ერთმნიშვნელოვნად წინ წასწევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს,” - განაცხადა მან.

“მე ვთვლი, რომ დღეს მთავარ თემებად შეიძლება წამოვწიოთ წინ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილიც და ჩვენ ყველაზე წინ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ. სწორედ სასიცოცხლო ინტერესებში შედის ჩვენს იმ მეზობელთან, რომელიც ბირთვული იარაღის მფლობელია, ურთიერთობების ნორმალურ ფარგლებში ჩაყენება,” - განაცხადა მან. 

ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ თებერვლის დასაწყისში მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ შეხვედრა მისთვის ”ფრთხილი ოპტიმიზმის” წყარო გახდა.

”ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-რუსული ურთიერთობის მომავალზე და მისი მხრიდანაც დავინახე სურვილი, რომ ეს ერთიერთობები ბევრად უფრო ნორმალიზებული იყოს და წარიმართოს მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პირობებში. სწორედ ამ საუბრებში გამოითქვა ის მოსაზრება, რომ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა  იქნება დასაწყისი ეტაპი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფიქრი ბევრად უფრო პრობლემურ და მწვავე საკითხების გადაწყვეტაზე,”- განაცხადა მან.

“მე ასევე დავინახე, რომ ორმხრივ სახელმწიფო ურთიერთობებში არც ერთი საკითხი არ არის, რომლის გადაწყვეტა საბოლოო ჯამში ორმა ქვეყანამ ვერ შეძლოს,” - დასძინა ალასანიამ. 

”ამიტომაც დღეს, როდესაც მსოფლიოში მიმდინარეობს ასეთი ინტეგრაციული პროცესები, როდესაც ევროპა ამყარებს ბევრად მჭიდრო ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ ჩვენი ინტერსებიდან გამომდინარე, რაღაცის გაკეთება უნდა მოვახერხოთ. თუკი შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობეის ნორმალიზებას, ბევრად უფრო გარანტირებულად შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას,” - განაცხადა ალასანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების გამწვავება საქართველოსაც უქმნის საფრთხეს. ”ამიტომაც მგონია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი,” - განაცხადა ალასანიამ.

“საქართველო უნდა იქცეს საერთო თანხმობის და არა დაპირისპირების მიზეზად რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი,” - განაცხადა ალასანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს კონფლიქტების გრძელვადიან მოგვარებას.

”რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც მოახერხებს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობებში ნდობის გაჩენას, მათთან მოლაპარაკების დაწყებას ევროპული სტრუქტურების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებისთვის, შეძლებს ერთიან სივრცეში თანაცხოვრებაზე თანხმობის მიღწევას,” - მიიჩნევს ალასანია, “ბუნებრივია, ამასაც სჭირდება რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა და მათი წვლილის შეტანა საქართველოში მშვიდობისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე  ქართველი მოსახლეობის უფლების აღდგენის კუთხით”.

 

 

Civil.Ge © 2001-2021