ტელევიზიების პოლიტიკური რეკლამის ტარიფები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Apr.'10 / 11:42

30 მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ 30-წამიანი პოლიტიკური რეკლამის ფასი პრაიმტაიმში საქართველოს ორ წამყვან ნაციონალურ არხზე -  ”რუსთავი 2”-სა და ”იმედზე”  - 6 000 აშშ დოლარიდან მაქსიმუმ 16 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისას აპრილში და ფინალის დროს მაისში რეკლამის 30 წამი ”რუსთავი 2”-ზე ყველაზე ძვირი, 16 000 აშშ დოლარი ღირს; შემდეგ მოდის 13 000 აშშ დოლარის ღირებულებით ”კურიერი” 9 საათზე და 12 000 აშშ დოლარით ყოველკვირეული ანალიტიკური პროგრამა ”P.S.”. საღამოს კომედიური და გასართობი პროგრამების დროს რეკლამის 30 წამი 10 000 აშშ დოლარი ღირს.

”რუსთავი 2”, რომელიც ყველაზე ყურებადი სატელევიზიო არხია, აცხადებს, რომ საქართველოს სატელევიზიო რეკლამის ბაზრის, დაახლოებით, 60% უკავია.

ტელეკომპანია ”იმედის” სარეკლამო ფასების პაკეტში ლიდერობს პოპულარული კომედიური სერიალი ”შუა ქალაქში” 15 000 აშშ დოლარით 30-წამიანი სარეკლამო დროში; მას მოჰყვება გასართობი და კომედიური შოუები 10 000-დან 11 000 აშშ დოლარამდე ფასების ფარგლებში. 30-წამიანი სარეკლამო დრო ”იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ”ქრონიკა” 8 საათზე 10 000 აშშ დოლარი ღირს.

კანონმდებლობით, კერძო ტელეკომპანიები ვალდებულები არიან უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოუყონ დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს ანუ პარტიებს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე 4% ან ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 3% მაინც მიიღეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ვალდებულია მათი  წინასაარჩევნო რეკლამა ყოველ საათში 60 წამის ოდენობით განათავსოს. 

თბილისის მერის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კანდიდატები უკვე სარგებლობენ ამ უფლებით; მმართველი პარტია კი ჯერ-ჯერობით არა, რადგან მას ფორმალურად ჯერ კიდევ წარსადგენი ჰყავს მერობის კანდიდატი  - მოსალოდნელია, რომ კანდიდატად მოქმედი მერი გიგი უგულავა დასახელდება.

Civil.Ge © 2001-2024