უგულავამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Apr.'10 / 19:29

მმართველმა პარტიამ თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა 26 აპრილს მეორიბს კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.

”მომავალი 34 დღის განმავლობაში ჩვენ შევეცდებით თბილისელებს ავუხსნათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, დაფუძნებული იმაზე, თუ რა გვიკეთებია. ჩვენი თითოეული დაპირება იქნება მოკრძალებული, საქმიანი და, ამავდროულად, რეალისტური,” - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადების შეტანის შემდეგ.

იმავე დღეს უგულავა გლდანის რაიონში მხარდამჭერების წინაშე წარსდა და მათ განუცხადა, რომ მისი პრიორიტეტი დასაქმება იქნება. 

”მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მერია, მისი ყველა სტრუქტურული ერთეული, გამგეობები და მუნიციპალიტეტები იქნება ერთგავი დასაქმების ბიურო, ხოლო თბილისის მერი იქნება დასაქმების დამცველი,” - განაცხადა უგულავამ მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.

”თბილისს სჭირდება მერი, რომელმაც ბევრი გააკეთა, მაგრამ აღიარებს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს,” - განაცხადა მან.

თავის გამოსვლაში უგულავამ ასევე განაცხადა, რომ თბილისის მერი ქალაქის ყოველდღიურ საჭიროებებზე უნდა ზრუნავდეს და არა ”საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე.”  

”თბილისს არ სჭირდება მერი, რომლისთვისაც მერობა მხოლოდ ტრამპლინია და მეტი არაფერი. თბილისს არ სჭირდება მერი, რომელიც ქალაქს პოლიტიკური კინკლაობის ცენტრად აქცევს. თბილისს სჭირდება მშრომელი მერი, რომელიც თბილისს დასაქმების ცენტრად აქცევს,” - განაცხადა მან.

უგულავა ბოლო თვეების განმავლობაში საჯაროდ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს და ”მეურნე მერის” იმიჯის დამკვიდრებაზე იყო გადასული.

იგივე მიდგომას იზიარებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მერობის კანდიდატი გიორგი ჭანტურიას, რომელიც აცხადებს, რომ იგი სულაც არ არის პოლიტიკოსი და რომ მთავარია მერი კარგი მეურნე იყოს.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი და მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმატება ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩევლებს ნდობას გაუჩენს, რომ ”მთავრობის შეცვლა არჩევნების გზით შესაძლებელია” და რომ 30 მაისის არჩევნები ამ ”მნიშვნელოვანი ცვლილების” დასაწყისი უნდა გახდეს.

26 აპრილს ამგვარი მიდგომა პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გააკრიტიკა.
 
”არსებობს ხალხი, ვინც ამბობს, რომ ეს არჩევნები არაფერს არ ნიშნავს, ეს არის პლაცდარმი იმისათვის, რომ საქართველოში რაღაც პერიოდის შემდეგ შეიცვალოს მართველობა. მე ნამდვილად არ მინდა, რომ რომელიმე თბილისელი ცხოვრობდეს ვიღაცის ამბიციების პლაცდარმზე ან ვიღაც პოლიტიკოსის კატაპულტში,” - განაცხადა სააკაშვილმა ”რუსთავი 2”-თან ინეტრვიუში 26 აპრილს.

მან ასევე განაცხადა: ”სხვა კანდიდატებიც არსებობენ, რომლებიც დაბერავენ ლამაზად ტუჩებს და ამბობენ: ’შემომხედეთ რა ლამაზი ვარ, როგორ შეიძლება ასეთ ბიჭს არ მისცე ხმა?’ სილამაზით რომ ქვეყანა შენდებოდეს, მაშინ თბილისის მერად ნანკა კალატოზიშვილი უნდა ავირჩიოთ.”

მან ასევე გააკრიტიკა ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატი გიორგი ჭანტურია, რომელიც გაზის და დენის ტარიფებში მნიშვნელოვან შემცირებას და უფასო წყალს პირდება ამომრჩევლებს.

”არიან კანდიდატები, ვინც იძახიან, რომ გაზი და წყალი იქნება უფასო ან ძალიან პატარა ფასად... შეგვიძლია მივცეთ ხმა ასეთ კანდიდატებს, მაგრამ მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ წყალი და გაზი აღარ გვექნება,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით ის დაინტერესებულია უგულავას ხელახლა არჩევაში, რადგანაც არ სურს, რომ ყველაფერი რაც დედაქალაში გაკეთდა ”წყალში ჩაიყაროს”.

 ”ფაქტია, რომ ახლა ვდგავართ სწორ გზაზე,” - განაცხადა მან. ”ყველა თბილისელმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: არის თუ არა თბილისი უკეთესი ქალაქი, ვიდრე ოთხი წლის წინ? მოსწონს თუ არა აღმშენებლობა, რომელსაც ყველა აღიარებს, მათ შორის ოპონენტებიც? უნდათ თუ არა იცხოვრონ იმ ქალაქში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კომფორტული იქნება ევროპის ქალაქებს შორის? თუ ამ ყველაფერზე პასუხი არის დადებითი, მაშინ ამ არჩევნებში ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს ნაციონალურ მოძრაობას და მოქმედ მერს, გიგი უგულავას. მე ვფიქრობ, ჩვენ გვყავს ძალიან გონიერი ამომრჩეველი და ის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მმართველმა პარტიამ ასევე წარადგინა თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები. თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერია.

Civil.Ge © 2001-2024