დეპუტატები ”ჩერქეზთა გენოციდზე დისკუსიის გაშლისთვის” მზად არიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Apr.'10 / 13:39

დეპუტატების ჯგუფმა 26 აპრილს განაცხადა, რომ მზად არის ჩრდილოეთ კავკასიაში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში “ჩერქეზთა მასიური განადგურებისა და დეპორტაციის ფაქტებთან დაკავშირებით მრავალმხრივი დისკუსიების განვითარებას შეუწყოს ხელი.”
 
საქართველოს პარლამენტის კავკასიის ხალხებთან მეგობრობის ჯგუფის ამ განცხადებას წინ უძღოდა მარტში, თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია - ”უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის“.

კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის და ვაშინგტონში არსებული ”ჯეიმსთაუნის” ფონდის (Jamestown Foundation) ორგანიზებით ჩატარდა. სხვებთან ერთად კონფერენციაში ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

კომფერენციის დასასრულს, 21 მარტს, მონაწილეებმა საქართველოს  პარლამენტისადმი მიმართვა მიიღეს, სადაც სთხოვენ საკანონმდებლო ორგანოს აღიაროს რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მასიური განადგურება და დეპორტაცია როგორც ”გენოციდი”.

”მიგვაჩნია, რომ პირველი ეტაპი ამ განხილვების დაწყების უნდა იყოს აქტიური კონსულტაციები ჩვენ სამეცნიერო საზოგადოებასთან, საზღვარგარეთის სამეცნიერო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ექსტერტებთან,” - განაცხად 26 აპრილს დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა, რომელიც პარლამენტის კავკასიის ხალხებთან მეგობრობის ჯგუფის წევრია.

”საჭიროდ მიგვაჩნია საკითხის ირგვლივ შემდგომი დისკუსიის გაშლა როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ,” - დასძინა მან.

მიმართვა ასევე შეიცავს პარლამენტისადმი თხოვნას გამოცხადდეს 21 მაისი, ”თარიღი, როდესაც რუსეთი 1864 წელს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ოკუპაციის დღეს აღნიშნავს, ჩერქეზთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ და აღიარებულ იქნას სოჭი, როგორც ჩერქეზთა გენოციდის და ეთნიკური წმენდის ადგილი და სიმბოლო.”

16 აპრილს YouTube-ის ანონიმურმა მომხმარებელმა თავის გვერდზე, რომელიც ერთი დღით ადრე გახსნა, რამოდენიმე აუდიო ფაილი გამოაქვეყნა. ანონიმი მომხმარებელი მიუთითებს, რომ ეს არის 2009 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჩაწერილი სატელეფონო საუბრები, მათ შორის საქართველოს მაღალჩინოსნებსა და დიპლომატებს შორის.

ერთ-ერთ აუდიო ჩანაწერში (რამოდენიმე მათგანი ცუდი ხარისხისაა და საუბრის შინაარსი არ ისმინება), რომელიც დასათაურებულია როგორც ”საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და აშშ-ში საქართველოს ელჩს ბათუ ქუთელიას შორის საუბარი”, მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ მერაბიშვილი უნდა იყოს, ეუბნება თანამოსაუბრეს, რომ რაღაც გაუგებრობა იყო და საქართველოს პრეზიდენტსა და ინგუშ მამაკაცს, ვინმე იბრაგიმს შორის არანაირი შეხვედრა არ იგეგმებოდა.

”ჩვენ ვხვდებით ხოლმე ჩრდილოეთ კავკასიელებს, მაგრამ პრეზიდენტი არ ხვდება... ჩვენ ცალ-ცალკე ვიბარებთ მათ და ველაპარაკებით... ძირითადად გივი [სავარაუდოდ დეპუტატი გივი თარგამაძე] და [გია] თორთლაძე ხვდებიან მათ და ხანდახან მეც ვხვდები ხოლმე”, - áƒáƒ›áƒ‘ობს ის. 

კიდევ ერთ აუდიო ჩანაწერში, რომელიც დასათაურებულია როგორც ”საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძისა და ეგვიპტესა და სირიაში საქართველოს ელჩ გოჩა ჯაფარიძეს შორის საუბარი,” მამაკაცის ხმა, რომელიც სავარაუდოდ თარგამაძე უნდა იყოს, ეუბნება თანამოსაუბრეს რომ საჭიროა მოიძებნოს ”რაც შეიძლება მეტი ჩრდილოეთ კავკასიური ორგანიზაცია - ჩერქეზული, ინგუშური, ჩეჩნური და სხვა” ეგვიპტესა და სირიაში.

ის იძახის: ”პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენ ვაპირებთ პარლამენტში მათი გენოციდი ვცნოთ... ამიტომ, ახლა ვართ დაკავებული ძალიან ინტენსიურად ამ ხალხის ძებნით ყველგან, მათ შორის თურქეთსა და იორდანიაში; იქაც ელჩებს ვუთხარი უკვე ... ახლა ბატონ ვანოსთან ვარ და ერთად გავდივართ ამ სიტუაციას.”

23 აპრილს, ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი განადგურების დაწყების 95-ე წლისთავამდე ერთი დღით ადრე, თბილისში სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს მიმართვა გაუგზავნა - მსგავსი მიმართვები წინა წლებშიც გაკეთებულა - სადაც თხოვენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი განადგურებას ”გენოციდიდ” ცნოს. საქართველოს პარლამენტს ამგვარ მიმართვებზე რაიმე ოფიციალური პასუხი არ გაუცია.

Civil.Ge © 2001-2024