გიგი უგულავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'10 / 15:30

გიგი უგულავა. ფოტო: უგულავას კამპანიის ვებ-გვერდი.

გიგი უგულავა თბილისის მოქმედი მერი და პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა.

იგი თბილისის მერობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ დაასახელა.

34 წლის გიგი უგულავას თბილისის მერის პოსტი 2005 წლის ივლისიდან უკავია. ის ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანიშნა.  2006 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კი უგულავა თბილისის საკრებულომ აირჩია მერის პოსტზე.

მერის თანამდებობის დაკავებამდე, 2003 წლის დეკემბრიდან 2005 წლის ივლისამდე პერიოდში მას სხვადასხვა სახელისუფლებო თანამდებობები ეკავა. იგი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე; უშიშროების მინისტრის მოადგილე; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

”ვარდების რევოლუციის” შედეგად მთავრობაში მოსვლამდე უგულავა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა და რამოდენიმე წელი ჟურნალისტიკის სფეროშიც მოღვაწეობდა.

სწორედ უგულავა იყო პირველი, ვინც გაახმოვანა ხელისუფლების ინიციატივა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების ჩატარების თაობაზე. მან ეს განცხადება 2009 წლის 4 აპრილს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციამდე რამოდენიმე დღით ადრე გააკეთა. ეს ინიციატივა 10 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც დაადასტურა, ხოლო 2009 წლის ივლისში იგი ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების, მათ შორის მერის პირდაპირი არჩევნების 30 მაისს ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, ნაცვლად 2010 წლის შემოდგომისა, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი.

მომდევნო თვეებში უგულავა საჯაროდ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებდა და ”მეურნე მერის” იმიჯის დამკვიდრებაზე იყო გადართული.    

თავისი ოფიციალური კამპანია უგულავამ 26 აპრილს დაიწყო დევიზით: ”გასაკეთებელი კიდევ ბევრია;” მისი წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი უმუშევრობის პრობლემაა.

ოფიციალური კამპანიის პირველ დღეებში უგულავამ სხვადასხვა სამსახურში მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები. ერთ დღეს მან თბილისის ერთ-ერთ პურის საცხობში იმუშავა მცხობელად, ხოლო მეორე დღეს თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში დამლაგებლად, სადაც ფანჯრები გაწმინდა. მან ყასაბად და ხორცის გამყიდველადაც იმუშავა ბაზარში და მუშად - ბენზინგასამართ სადგურზე.  მისი თქმით, იგი ამ გზით უკეთ გაეცნობა მცირე საწარმოების საჭიროებებს და პრობლემებს.

Civil.Ge © 2001-2024