გიორგი ჭანტურია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 May.'10 / 16:14

გიორგი ჭანტურია. ფოტო: ინტერპრესნიუსი

გიორგი ჭანტურია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მერობის კანდიდატია. ქრისტიან-დემოკრატებმა ადგილობრივი არჩევნებისთვის კოალიცია შექმნეს ორ შედარებით პატარა პარტიასთან - ჩვენ თვითონ და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია.

ჭანტურია, რომელიც ერთ დროს შევარდნაძის ადმინისტრაციაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას ხელმძღვანელობდა ცხრა წლის მანძილზე, 2004 წლის სექტემბრამდე. იგი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს და მათ განხორციელებას კურირებდა.

ჭანტურიას თქმით, თბილისის მერის პოსტი მას პოლიტიკურ თანამდებობად არ მიაჩნია. მან ისიც კი თქვა, რომ ის ”არც ოპოზიციური და არც სახელისუფლებო” ფიგურაა.

ჭანტურია საქართველოს პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში 2004 წლის სექტემბრიდან არ გამოჩენილა - მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნავთობის კორპორაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით მან საქართველო დატოვა და რამდენიმე წელი აზერბაიჯანში მუშაობდა. მისმა გამგზავრებამ სპეკულაციები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლო დაპატიმრებას გაექცა; რაღაც პერიოდის განმავლობაში ის ინტერპოლითაც იძებნებოდა. თუმცა, თავად ჭანტურია კატეგორიულად უარყოფს ხმებს მისი ქვეყნიდან გაქცევის შესახებ. 2010 წლის თებერვალში მან განაცხადა, რომ მისი ქვეყნიდან წასვლა მხოლოდ მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა და რომ მან თითქმის სამი წელი იმუშავა აზერბაიჯანში პროექტზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მარშრუტში ყაზახეთის ჩართვას უკავშირდებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ამ პროექტზე áƒ‘აქოში მუშაობის დროს, მას რეგულარული საქმიანი კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან.

გიორგი ჭანტურიას წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილია ”დასაქმება და დაბალი ტარიფები”.

ჭანტურია დაპირდა ამომრჩევლებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის ამჟამინდელი 0.51 ლარიდან კუბურ მეტრზე 0.1 ლარამდე შემცირდება, ხოლო დენის ტარიფი, რომელიც ამჟამად 0.135-დან 0.177 ლარის ფარგლებში მერყეობს (მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით) 0.05 ლარამდე შემცირდება.

ჭანტურიას თქმით, გაზის ტარიფის შემცირება შესაძლებელია შაჰ-დენიზის გაზის პროექტზე დაყრდნობით, საიდანაც საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ყოველწლიურად უფასოდ იღებს ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს და გარდა ამისა, 500 მილიონ კუბურ მეტრს ფიქსირებულ დაბალ ფასად - 55 აშშ დოლარად 1 000 კუბურ მეტრზე.

Civil.Ge © 2001-2024