ადგილობრივი არჩევნების ეპიცენტრი თბილისში იქნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Apr.'10 / 16:56

საქართველოს ამომრჩევლები 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე 64 ახალ საკრებულოს აირჩევენ, თუმცა მთავარი ყურადღება თბილისის არჩევნებს დაეთმობა, სადაც პირველად ირჩევა მერი პირდაპირი წესით.

დედაქალაქის მერის არჩევნების შედეგები, სადაც ქვეყნის ამომრჩეველთა ერთი მესამედია თავმოყრილი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა იწურება.

მიმდინარე კვირას მმართველმა პარტიამ უკვე ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია რეგიონებიდან, სადაც ადგილობრივი საკრებულოების მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა, მათ შორის სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში და ქალაქ გორში.

ქუჩის წინასაარჩევნო აქციები, რომელთაც მმართველი პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლები უძღვებოდნენ - მაგალითად, ფოთში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე - ჩატარდა ლოზუნგით: ”გასაკეთებელი კიდევ ბევრია”.

მმართველ პარტიას თბილისში ოფიციალური საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია, რადგანაც მას ჯერ არ დაუსახელებია ოფიციალურად თავისი მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები; კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 30 აპრილს იწურება.

სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი კვლავ ამჟამინდელი მერი, გიგი უგულავა იქნება. უგულავა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრად მიიჩნევა, ბოლო დროს თავს იკავებს საჯარო პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან, თუმცა საკმაოდ ეფექტურად ცდილობს შეიქმნას თბილისელების ყოველდღიურობაზე მზრუნველი მმართველის იმიჯი.

მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ უგულავას ბოლოდროინდელი საქმიანობა მისი არადეკლარირებული საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომლის დროსაც ის ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს. ანალოგიური ბრალდება ასევე გაჟღერდა საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს ანგარიშში; თუმცა, თავად უგულავამ უარყო ეს კრიტიკა; გარდა ამისა, მთავრობის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა დეტალური პასუხი გამოაქვეყნა ანგარიშთან დაკავშირებით.

თავის ოფიციალურ კამპანიაში უგულავა, სავარაუდოდ, სოციალურ საკითხებზე და უმუშევრობაზე გაამახვილებს ყურადღებას; თავის ბოლოდროინდელ საჯარო გამოსვლებში მან უკვე რამოდენიმეჯერ გაუსვა ხაზი ამ საკითხების პრიორიტეტულობას.

მერობის ოპოზიციური კანდიდატები, რომელთაც უკვე დაიწყეს ოფიციალური საარჩევნო კამპანია, თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ასევე სოციალურ საკითხებზე აკეთებენ აქცენტს.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გასულ კვირას ”დასაქმების პროგრამა” წარადგინა, სადაც ის ამომრჩევლებს სულ ცოტა 50 000 ახალ სამუშაო ადგილს პირდება მუნიციპალური ფონდის შექმნის გზით, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებას და გაფართოებას დაეხმარება. ალასანიას მიერ წარმოდგენილი სქემის თანახმად, მუნიციპალური ფონდი, რომლის ოდენობაც 120 მილიონი ლარი იქნება, 20 000 ლარამდე სესხებს გასცემს 18 თვის ვადით, წლიური 8%-იანი განაკევთით. 

ამ წინადადების თანახმად, 120 მილიონიანი ფონდი შეივსება 50 მილიონი ლარის ოდენობით პირდაპირი მუნიციპალური დაფინანსებით; ასევე 50 მილიონით გრძელვადიანი სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, ხოლო 20 მილიონი ლარი დონორთა მხრიდან იქნება მოზიდული. 

რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამას, ალასანია პირობას დებს, რომ სექტორის დაფინანსება თბილისში 33 მილიონი ლარიდან 117 მილიონ ლარამდე გაიზრდება. იგი 3 წლამდე ასაკის ბავშვებს და 65 წლის ზემოთ თბილისის მაცხოვრებლებს უფასო წამლებს პირდება 100 ლარის ფარგლებში წელიწადში. მისი თქმით, ეს შესაძლებელია მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნის გზით, სადაც წამლები ფასდაკლებით გაიყიდება.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მერობის კანდიდატის გიორგი ჭანტურიას წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილია ”დასაქმება და დაბალი ტარიფები”; იგი თბილისელებს გაზის და ელექტროენერგიის ტარიფების მნიშვნელოვან შემცირებას და უფასო წყლით მომარაგებას პირდება.

ჭანტურია ეუბნება ამომრჩევლებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის ამჟამინდელი 0.51 ლარიდან კუბურ მეტრზე 0.1 ლარამდე შემცირდება, ხოლო დენის ტარიფი, რომელიც ამჟამად 0.135-0.177 ლარის ფარგლებში მეყრეობს (მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით დიფერენცირებული) 0.05 ლარამდე შემცირდება.

ჭანტურიას თქმით, გაზის ტარიფის შემცირება შესაძლებელია შაჰ-დენიზის გაზის პროექტზე დაყრდნობით, საიდანაც საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ყოველწლიურად უფასოდ იღებს ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს და გარდა ამისა, 500 მილიონ კუბურ მეტრს ფიქსირებულ დაბალ ფასად - 55 აშშ დოლარად 1 000 კუბურ მეტრზე.

მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე ასევე აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას, სადაც მისი ყურადღება დასაქმებისა და სოციალური პრობლემებისკენაა მიმართული.

კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, რომელიც ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატია, თავისი ჯანდაცვის პროგრამა 23 აპრილს წარმოადგინა, სადაც თბილისელ ამომრჩეველს ზოგადი ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტს, ხოლო პენსიონერებს სრული დაზღვევის პაკეტს პირდება.  

დანარჩენი სამი კანდიდატია: დავით იაკობიძე, 90-იან წლებში საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რომელიც გია თორთლაძის საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ დაასახელა; ნიკა ივანიშვილი, 90-იანი წლების ბოლოს საგზაო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც მარტში მის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ წარადგინა და თამაზ ვაშაძე, რომელსაც 19 წლის წინ თბილისის მერის თანამდებობა ეკავა ცოტა ხნით.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მაისში კანდიდატებს შორის ტელედებატებს უმასპინძლებს, თუმცა ფორმატი ჯერ შესათანხმებელია.

გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, ვინც ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ 30%-სა მიიღებს. მეორე ტური იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ ვერც ერთი მათგანი ვერ მოაგროვებს 30%-ს.

პარტიებს თბილისის საკრებულოს 50 ადგილისთვისაც მოუწევთ ბრძოლა. 25 ადგილს ის პარტიები გადაინაწილებენ პროპორციულად, რომლებიც 4%-იან ბარიერს გადალახავენ პარტიული სიით, ხოლო დანარჩენი 25 ადგილი თბილისის 25 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულებს შორის გადანაწილდება.

Civil.Ge © 2001-2024