გამოკითხვის თანახმად, ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 May.'10 / 18:56
  • მთავრობა არჩევნებს ”ძლიერი პოზიციებით” ხვდება;
  • უმრავლესობა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკას არ იწონებს;
  • ასევე მიუღებელია ოპოზიციის კონტაქტები რუსეთთან;
  • უმუშევრობა, ტერიტორიული მთლიანობა ყველაზე აქტუალური საკითხებია. 

ნატო

6 მაისს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ მართალია, მოქალაქეთა უმეტესობა ნატოში გაწევრიანების მომხრე რჩება, მაგრამ მხარდაჭერის დონე ბოლო 20 თვის მანძილზე შემცირებულია.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ 11-დან 26 აპრილამდე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 26% აცხადებს, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ხოლო 36% აცხადებს, რომ ისინი ძირითადად უჭერენ მხარს.

რესპონდენტთა 10% აცხადებს, რომ მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს; გამოკითხულთა 7%-მა თქვა, რომ ძირითადად არ უჭერს მხარს, ხოლო 9% საქართველოს ნატოში გაწევრიანებას საერთოდ არ უჭერს მხარს. 9%-მა შეკითხვას პასუხი ვერ გასცა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით, IPM-ის მიერ 2008 წლის სექტემბერში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 69% სრულად უჭერდა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში; დამატებით 17% აცხადებდა, რომ ისინი ძირითადად უჭერენ მხარს, და მხოლოდ 8% იყო  კატეგორიული წინააღმდეგი ან ძირითადად წინააღმდეგი.

იმავე IRI-ის დაკვეთით 2009 წლის ოქტომბერში ჩატარებულ გამოკითხვაში  რესპონდენტთა 54%-მა განაცხადა, რომ სრულად უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას, 12%-მა თქვა, რომ ძირითადად მხარს უჭერს; 12% იყო áƒ™áƒáƒ¢áƒ”გორიული წინააღმდეგი ან ძირითადად წინააღმდეგი.

2008 წლის იანვარში საქართველოში ჩატარებული პლებისციტის შედეგებით, ამომრჩეველთა 72,5%-მა დაუჭირა მხარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა, რომლის დროსაც 2 378 მოქალაქე გამოიკითხა, იძლევა ამომრჩეველთა áƒ¨áƒ”ხედულებების საერთო სურათს მთელი რიგი საკითხების მიმართ, მათ შორის პოლიტიკაზე, დემოკრატიაზე, მედიასა და საგარეო ურთიერთობებზე. თუმცა, კვლევა არ შეიცავს პოლიტიკური პარტიების და თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგებს.

ნატო იმ 15 საკითხს შორისაა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე აქტუალურია და ის ამ ნუსხის შუაშია; მას პრიორიტეტულობის მხრივ უსწრებს უმუშევრობის პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე, პენსიები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და რუსეთთან ურთიერთობები.   

სამუშაო ადგილები და ტერიტორიული მთლიანობა რესპონდენტების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სახელდება.

ადგილობრივ დონეზე, რესპონდენტთა უმეტესობა კომუნალური მომსახურების áƒ¤áƒáƒ¡áƒ¡ განიხილავს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც მოყვება საგზაო ინფრასტრუქტურა.

რუსეთი

გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.

რესპონდენტთა 28% აცხადებს, რომ მათთვის ნაწილობრივ მიუღებელია საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ხოლო 24% აცხადებს, რომ აბსოლუტურად მიუღებელია. 13%-მა შეკითხვას ვერ უპასუხა.

რესპონდენტთა 32%-ისთვის ან აბსოლუტურად (7%) ან ნაწილობრივ (25%) მისაღებია საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთის მიმართ.

ამასთან, რესპონდენტთა უმეტესობა კრიტიკულად არის განწყობილი რუსეთთან ქართული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის კავშირების მიმართ. რესპონდენტთა 62%-ისთვის მიუღებელია ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი მოსკოვში და რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა 2009 წლის დეკემბერში, ხოლო 59%-სთვის მიუღებელია ნინო ბურჯანაძის ანალოგიური ქმედება 2010 წლის მარტში.

ალიანსი საქართველოს ლიდერი და მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია თებერვალში მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. რესპონდენტთა 38%-მა თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ლავროვის და ალასანიას შეხვედრა, 22%-სთვის მისაღებია, 34%-მა არ იცის, ხოლო 7%-მა პასუხზე უარი განაცხადა. 

რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა (61%), ხოლო კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა (82%) აქვს თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას.

მთავრობის ”ძლიერი პოზიცია”

კითხვაზე, თუ რა მიმართულებით ვითარდება საქართველო, რესპონდენტთა 12%-მა აირჩია პასუხი ”ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება,” ხოლო 41%-მა - ”ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება”.

ერთი წლის წინ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში, რესპონდენტთა 29%-მა განაცხადა, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით მიდიოდა.

NDI-ს წარმომადგენელმა საქართველოში ლუის ნავარომ განაცხადა, რომ ეს შედეგი მიუთითებს, რომ ხელისუფლება მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს ”ძლიერი პოზიციებით” ხვდება.

Civil.Ge © 2001-2024