”კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ შვიდ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 May.'10 / 14:59

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით დაპატიმრებულ შვიდ პიროვნებას ორწთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შოთა აფხაიძის, რატი მაისურაძის, ლევან ჩაჩუას, გიორგი გაბედავას, დავით შალმბერიძის, ავთანდილ ზუმბაძის და ზვიად ბლიაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის აღძრული.

154-ე მუხლის მეორე ნაწილი - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი მუქარით - ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ორ თვემდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

239-ე მუხლის მეორე პუნქტის ა ქვეპუნქტი - ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 180-დან 200 საათამდე, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

დაკავებულთა ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების პირადი თავდებით განთავისუფლებას ითხოვდნენ. áƒ—ავდაპირველად პოლიციას სულ ცოტა რვა პირი ყავდა დაკავებული, თუმცა ერთი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლა.
 
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, ლევან ჩაჩუა, ტელეკომპანია ”კავკასიის” გადაცემა ”ბარიერის” სტუმრებს შორის იყო, როდესაც ტელეკომპანიის გარეთ ჩხუბი ატყდა. იგი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელია.

გადაცემის წამყვანმა და ტელეკომპანიის მფლობელმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში 10 მაისს, რომ ლევან ჩაჩუა არ მონაწილეობდა ჩხუბში. ”მე მინდა სამართალი და არა შურისძიება,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ მართალია დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ”მე მინდა იყოს მხოლოდ დასაბუთებული ბრალდებები”.

Civil.Ge © 2001-2024