TI-ს ანგარიში წინასაარჩევნო მონიტორინგის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 May.'10 / 18:15

2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 30 მაისის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში დღევანდელი მდგომარეობით ნაკლები დარღვევაა, ნათქვამია საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს მიერ 11 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

”თუმცა საერთო სურათი დადებითი შეფასების შესაძლებლობას მაინც არ იძლევა,” - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგს მიეძღვნა. 

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო აცხადებს, რომ მისი ბოლო ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული რესურსების "ოთხ ძირითად სახეობაზე და áƒ”სენია: ხისტი, ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები”. ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ პირველ ანგარიშში, რომელიც მარტის ბოლოს გამოქვეყნდა, ყურადღება დაეთმო არჩევნების წინ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხების ”უპრეცედენტო ზრდას”. 

ბოლო ანგარიშის თანახმად, ”ყველაზე შემაშფოთებელია” ამომრჩევლებზე და ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის შემთხვევები. მსგავსი ფაქტები უფრო ხშირად რეგიონებში ხდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს 3 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, სამხედრო პოლიციის უფროსი, კოდორის პოლიციის მაღალჩინოსანი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, მესტიის გამგებელი, სამხარეო ფინანსური პოლიციის უფროსი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომელთაც სპეცდანიშნულების რაზმი ახლდათ (დაახლოებით 40-50 კაცი), 22:00 საათიდან ღამის 3:00 საათამდე გამგეობაში იბარებდნენ პარტია თავისუფლების მაჟორიტარობისა და პარტიული სიის კანდიდატებს და ”არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებდნენ”. 

კიდევ ერთი შემთხვევის დროს, რომელიც ოზურგეთში მოხდა, პატიმართა ოჯახებზე ზეწოლა განახორციელეს. ანგარიშის თანახმად, აპრილში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელმა სთხოვა პატიმრების ოჯახებს, რომ მათი დაპატირებული ახლობლების გათავისუფლების სანაცვლოდ მმართველი პარტიის დაახლოებით 500 მხარდამჭერის ხელმოწერები მოეგროვებინათ მათ საიდენტიფიკაციო ნომრებთან და სხვა პირად ინფორმაციასთან ერთად.

აპრილში მთავრობამ ადგილობრივი არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის ”მიზანია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა”.

8 მაისს ჯგუფი ოთხი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციას შეხვდა და მათგან დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ”ჯგუფის წევრებმა დარღვევებთან დაკავშირებული დეტალები ჩაინიშნეს და მათზე დაუყოვნებლივ რეაგირების პირობა დადეს,” - ნათქვამია ანგარიშში.

Civil.Ge © 2001-2024