ცხინვალის ცნობით, მამისონზე რუსული სასაზღვრო პოსტია განლაგებული
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 May.'10 / 16:09

მამისონის უღელტეხილზე მდებარე მეტეოსადგურის შენობაში რუსი მესაზღვრეების პოსტია განლაგებული და იქ რუსული დროშა ფრიალებს, იტყობინება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამავე ცნობით, აღნიშნული ჟურნალისტებს 18 მაისს, სეპარატისტული რეგიონის ”საზღვრისპირა” ტერიტორიების საჰაერო პარტულირებისას ანახეს, რომელიც რუსმა და ოსმა მესაზღვრეებმა ერთობლივად განახორციელეს სოფელ სინაგურის [ადმინისტრაციულად საჩხერის რაიონს ესაზღვრება], მამისონისა და ახალგორის რაიონის მიმართულებით.

ცოტა ხნის წინ ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა - ალიანსი საქართველოდან ახალი მემარჯვენეების და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წარმომადგენლებმა ხელახლა დაადანაშაულეს ხელისუფლება მამისონის უღელტეხილის რუსის მესაზღვრეებისთვის დათმობის გამო. თუმცა ხელისუფლებამ უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ მართალია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მამისონის უღელტეხილზე ქართველი მესაზღვრეები არ იდგნენ, მაგრამ ამ ტერიტორიებს არც რუსები არ აკონტროლებდნენ.

პირველად áƒ®áƒ”ლისუფლების მისამართით ბრალდებები მამისონიდან ქართველი მესაზღვრეების რამდენიმე კილომეტრით საქართველოს სიღრმეში გადმოწევის შესახებ შარშან ივნისში  მას შემდეგ გაისმა, რაც ამ ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ხიდის აფეთქების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მაშინაც ხელისუფლებამ უარყო ოპოზიციის ბრალდებები და განაცხადა, რომ ქართველი მესაზღვრეები სრულად აკონტროლებდნენ რუსეთ-საქართველოს საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთს. 

ტრადიციულად, ქართველი მესაზღვრეები მამისონის უღელტეხილთან მდებარე სასაზღვრო ტერიტორიებზე სეზონურად პატრულირებდნენ და ტერიტორიას გვიან შემოდგომაზე და ზამთარში ტოვებდნენ, როდესაც კავკასიონზე უღელტეხილები დიდთოვლობის გამო ბუნებრივად იკეტება. ქართველი მესაზღვრეები მამისონთან ახლოს, ბაზად ყოფილი მეტეოსადგურის შენობას იყენებდნენ.

მამისონის უღელტეხილი ადმინისტრაციულად სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ნაწილი იყო, რომელიც მისი ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე მდებარეობდა. თუმცა ავტონომიური ოლქის გაუქმების შემდეგ ადმინისტრაციულად ეს ადგილები ონის რაიონს ეკუთვნის. ახალგორის რაიონის მსგავსად, რომელიც ასევე იყო ყოფილი ავტონომიური ოლქის ნაწილი და მასზე კონტროლი აგვისტოს ომის შედეგად სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ჯგუფებმა რუსული ძალების áƒ“ახმარებით დაამყარეს, მამისონს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება არასოდეს აკონტროლებდა.

Civil.Ge © 2001-2024