ალასანია: ”არჩევნები შედგა, წინ საპარლამენტო არჩევნებია”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 May.'10 / 18:59

მიუხედავად ”ძალიან დიდი ნაკლოვანებებისა, არჩევნები შედგა, თბილისმა არჩევანი გააკეთა,” განაცხადა 31 მაისს ირაკლი ალასანიამ და áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ მთავარი ოპონენტის, გიგი უგულავას მხარდამჭერებს იმედების გამართლება უსურვა.

ირაკლი ალასანია წინასწარი ოფიციალური შედეგებით ხმათა 19%-ით მეორე ადგილზეა თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებში, მმართველი პარტიის კანდიდატის და მოქმედი მერის გიგი უგულავას 55%-იანი შედეგის შემდეგ.

”ჩვენ ხალხმა გამოგვკვეთა როგორც ერთ-ერთი მთავარი და უალტერნატივო ძალა,”- განაცხადა ალასანიამ 31 მაისს ”ალიანსის” აქტივისტებთან გამართულ შეხვედრაზე. ”თქვენი ხმები მე მაძლევს იმის სრულ განცდას, რომ ჩვენი ერთობლივი ბრძოლა გაგრძელდება დიდ წარმატებამდე... სწორედ ამ მხარდაჭერით მოტივირებულები ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი გამარჯვებებისთვის. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში შევიტანთ ჩვენს წვლილს, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, რომ საარჩევნო სისტემა უფრო გამჭვირვალე გავხადოთ”.

ალასანიას თქმით, მისი პოლიტიკური ძალა ახლა მთავარ აქცენტს áƒ¡áƒáƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტო არჩევნებზე გააკეთებს, რომელიც 2012 წელს არის დაგეგმილი - მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე

”მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინ გველოდება საპარლამენტო არჩევნების სახით,”- განაცხადა მან, ”ჩვენ მხარდამჭერებს მოვუწოდებ, რომ ერთ მუშტად შევიკრათ, რათა ამ გამარჯვებისთვის მზად ვიყოთ”.

მისი შეფასებით, შექმნიდან ერთი წლის თავზე მისმა პოლიტიკურმა ძალამ ”დიდი გამოცდილება” მიიღო.

”ჩვენ ამ ბრძოლაში შევედით იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება და მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ უპრეცედენტოდ იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსებს, ძალიან დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს, მაგრამ ჩვენ ხალხმა  თავისი გადაწყვეტილებით დაგვამკვიდრა, რომ ვართ ყველაზე ძლიერი, ყველაზე შეურიგებელი და რაც მთავარია, ხაზი მინდა გაუსვა, დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთობა,”- განაცხადა ”ალიანსის” ლიდერმა. 

”აი ეს შედეგი ამ არჩევნების, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავაფასოთ,”- განაგრძო მან, ”თითოეული ხმა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნების პროცესში მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება უშიშარია, ჩვენი საზოგადოება რეალურად ითხოვს ცვლილებებს და უნდა, რომ ჩვენთან ერთად, წამყვან პოლიტიკურ ძალასთან ერთად გავაგრძელოთ საქართველოს დემოკრატიული განვითარება”.

Civil.Ge © 2001-2024