ლიტველი დეპუტატები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ”ოკუპაციას” გმობენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Jun.'10 / 14:18

ლიტვის სეიმმა 1 ივნისს მიიღო რეზოლუცია, სადაც გმობს ”აგრესიას” და საქართველოს ტერიტორიების ”ოკუპაციას” რუსეთის მიერ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ რეზოლუციას და იმ ფაქტზე გაამახვილეს ყურადღება, რომ áƒ“ოკუმენტში áƒ¡áƒ”პარატისტულ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის შეფასებული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ტერმინის ”ოკუპაცია” გამოყენება ლიტვის პარლამენტის რეზოლუციაში ”არის მართლაც უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით როდესაც ხდება ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნის პარლამენტის მხრიდან”.

”ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ჩვენი ლიტველი მეგობრების,” - განაცხადა მან, ”ბუნებრივია გავაგრძელებთ ჩვენ ძალისხმევას იმისათვის, რომ სხვა სახელმწიფოების პარლამენტებმაც დააფიქსირონ ტერმინი ”ოკუპაცია,” რაც ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში რუსეთი იქნება იძულებული ზუსტად ისე გავიდეს საქართველოდან, როგორც ეს გააკეთა აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის შემთხვევაში საბჭოთა კავშირმა”.      

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თხოვნით მიმართა 31 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს ”საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი  - გამოაცხადონ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებად” და ასევე ”აღიარონ რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდა”.

მაისში ევროპარლამენტი სამხრეთ კავკასიის შესახებ რეზოლუციაში ტერმინის ”ოკუპირებული ტერიტორიები” გამოყენებას განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით ეს ტერმინი ამოიღეს პროექტიდან და 20 მაისს მიღებული საბოლოო ტექსტი მას აღარ შეიცავს.

Civil.Ge © 2001-2024