ალასანია სამომავლო გეგმებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Jun.'10 / 12:00

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნები წარმატებული ვერ გამოდგა მისი კოალიციისთვის, თუმცა მან შექმნა შესაძლებლობა, რომელზეც áƒáƒ”გება წარმატება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

”სააარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და საპარლამენტო არჩევნების მოგება - ეს არის მთავარი, რაზეც ჩვენ ვართ ორგანიზაციულად გადართული,” - განუცხადა ალასანიამ ტელეკომპანია ”მაესტროს” გადაცემას ”პირდაპირი საუბარი” 2 ივნისს. 

ალასანიამ თბილისის მერის არჩევნებში ხმების 19% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა მოქმედი მერის გიგი უგულავას შემდეგ.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2 ივნისს მომავალი არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ალასანიამ გააფრთხილა ხელისუფლება არ ეცადონ ”ახალი კონსტიტუციის თავიანთ ინტერესებზე მორგებას”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე: ”უახლოესი არჩევნები მინიმუმ ორი წელი აღარ იქნება თუ უფრო მეტი არა, არ ვიცი კონსტიტუცია ზუსტად როგორ ჩამოყალიბდება”.

”პირდაპირ მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, ჩვენ მოთმინებასაც აქვს საზღვარი,” - განაცხადა ალასანიამ. ”თუკი დაიწყო ისევ ხელისუფლებამ კონსტიტუციის მორგება საკუთარ თავზე, ამას ექნება ძალიან შეურიგებელი პასუხი ჩვენი მხრიდანაც და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც”.

მან ასევე განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუცია რეფერენდუმის გზით უნდა იქნას მიღებული და ახალი კონსტიტუციის ”ლეგიტიმურობა საეჭვო იქნება”, თუ მას ამჟამინდელი პარლამენტი მიიღებს.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების მიხედვით, ალიანსი საქართველოსთვის ”წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა საქართველოში”.

თუმცა, ალიანსის ამ განცხადებას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა უპირისპირდება.

მართალია ქრისტიან-დემოკრატებმა მესამე ადგილი დაიკავეს თბილისის არჩევნებში ხმების 12%-ით მმართველი პარტიის (52.5%) და ალიანსი საქართველოსთვის (18%) შემდეგ, თუმცა მათ სხვა ოპოზიციურ ძალებს აჯობეს უმეტეს რაიონულ საკრებულოებში. ქრისტიან-დემოკრატებმა ალიანსზე მეტი ხმა მიიღეს ასევე დიდ ქალაქებში - ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში და ფოთში (იხილეთ არჩევნების შედეგების ამსახველი რუქა).

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა არჩევნების შემდეგ, რომ შედეგები მისი პარტიისთვის წარმატებულია.

”თუკი რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას გააჩნია მყარი საფუძველი წარმატებაზე საუბრისა, ეს ვართ ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით ოპოზიციურ ფლანგზე ავიღეთ მყარი პირველი ადგილი,”- განაცხადა თარგამაძემ.

თუმცა, ალასანიამ განაცხადა, რომ მისმა ალიანსმა რეგიონებში მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ის ელოდა. ”ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო,” განაცხადა მან და დასძინა, რომ ალიანსი წინასაარჩევნოდ ძირითადად თბილისზე ამახვილებდა ყურადღებას და რომ მას არ გააჩნდა საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, რომ შესაბამისი კამპანია ეწარმოებინა რეგიონებში.

ზოგადად, ყველა პარტიის ყურადღება ძირითადად თბილისისკენ იყო მიმართული, თუმცა მმართველმა პარტიამ და ქრისტიან-დემოკრატებმა საკმაოდ აქტიური კამპანია აწარმოეს რეგიონებში.

ალასანიამ განაცხადა, რომ მომავალი არჩევნებისთვის მზადების ფარგლებში მისი კოალიცია და კერძოდ, მისი პარტია, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები, რომელიც ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა, რეგიონებში პარტიის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

მან აღიარა, რომ ცოტა იმედგაცრუებულია თბილისში ამომრჩეველთა აქტივობით (46.6%), რადგანაც 60 ან 65%-იან აქტივობას áƒ”ლოდა. ალასანიას თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის პოზიციამ - ის, სავარაუდოდ, მათ გულისხმობდა, ვინც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს - ხელი შეუწყო ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს შორის ”ნიჰილიზმის” დანერგვას.

მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნების მთავარი მიღწევა ის არის, რომ მოვლენებმა ”ქვების სროლიდან პოლიტიკურ პროცესში” გადაინაცვლა. ”მთავრობის შესაცვლელად არჩევნებს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია,” - განაცხადა მან.

  

Civil.Ge © 2001-2024