გალის სოფლის ადმინისტრაციის უფროსი მოკლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Jun.'10 / 19:55

დიმიტრი კაცია, გალის რაიონის სოფელ რეპის ადმინისტრაციის უფროსი, 3 ივნისს საღამოს უცნობმა პირებმა მანქანაში ჩაცხრილეს სოფელ პრიმორსკიდან რეპის გზაზე; იგი სასიკვდილო ჭრილობებისგან გარდაიცვალა, იტყობინება ”აფსნიპრესი” 4 ივნისს.

”სავარაუდოდ, მანქანას სამი პირი ესროდა,”- განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის შს მინისტრმა ოთარ ხეციამ, ”კაცია თავში მოხვედრილი ტყვიით გარდაიცვალა”.

ეს უკვე მეორე მკვლელობაა გალის რაიონში ბოლო ერთი კვირის მანძილზე. 1 ივნისს აფხაზი მებაჟეების ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი მებაჟე დაიღუპა და ორი დაიჭრა. 

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტების უკან შესაძლოა თბილისი იდგეს.

”ამ დანაშაულების ხელწერა საკმაოდ ნაცნობია. ქართული კვალი საკმაოდ ცხადია,”- განუცხადა მან დღეს უშიშროების საბჭოს წევრებს და სამართალდამცავებს გალში ვითარების ზედმიწევნითი მონიტორინგის მიზნით ერთობლივი გეგმით áƒ›áƒáƒ¥áƒ›áƒ”დება დაავალა.

მან ასევე საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ საქმე ეხება გალის რაიონს, სადაც დევნილობიდან დაბრუნებული ქართველები ცხოვრობენ.

”საჭიროა მკაფიოდ განვაცდახოთ, თუ ქართული მხარე არ შეწყვეტს დივერსიულ მოღვაწეობას, ჩვენ იძულებული ვიქნებით მივიღოთ ადეკვატური ზომები. ტერაქტის ორგანიზატორებს უნდა ესმოდეთ, რომ ლოკალურ დესტაბილიზაციას შეუძლია გამოიწვიოს დაძაბულობა  ისედაც არცთუ იოლ ვითარებაში რეგიონში, სადაც დაბრუნდნენ დევნილები,”- განაცხადა ბაღაფშმა.

იმავდროულად, ქართულმა ტელეკომპანიებმა, აფხაზ მებაჟეებზე თავდასხმის ინციდენტის მსგავსად, განაცხადეს, რომ უკანასკნელი ინციდენტიც იყო აფხაზ სეპარატისტებსა და რუს სამხედროებს შორის დაპირისპირების შედეგი, რაც ადგილობრივი ქართველი მოსახლეობიდან ამოღებული ფულის გაყოფისას უთანხმოებას მოჰყვა.

”რუსთავი 2”-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე გაუშვეს დევნილობაში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის თორნიკე კილანავას კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ დიმიტრი კაცია ”ქართველების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ის ხელმძღვანელობდა რამოდენიმე სადამსჯელო ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და დატერორებას”.

გალთან დაკავშირებით 4 ივნისს გავრცელებულ კიდევ ერთ ცნობაში, ქართულმა ტელეკომპანიები იუწყებოდნენ, რომ ერთი კვირის წინ თავს დაესხნენ ქართულ ოჯახს სოფელ ოტობაიაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ”თავდამსხმელები თანხას ითხოვდნენ, რომელიც ოჯახს არ გააჩნდა. ბოროტმოქმედები 3 საათის განმავლობაში არასრულწლოვანი შვილიშვილის თვალწინ აწამებდნენ ცოლ-ქმარს”. ამავე ცნობით, დაზარალებულები ზუგდიდში მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ იქნენ გადმოყვანილი, რადგან ”რუსი ოკუპანტები მათ საზღვრის გადმოკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ”.

Civil.Ge © 2001-2024