კრიზისების ჯგუფის მოხსენება ცხინვალის რეგიონზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Jun.'10 / 18:44

მოსკოვის მიერ ცხინვალის აღიარებამ, სადაც რუსი სამხედროების რაოდენობა რეგიონის კლებადი მოსახლეობის ერთ მეექვსედს შეადგენს, რეგიონის რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამყარა, ნათქვამია საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის (International Crisis Group - ICG) ანგარიშში, რომელიც 7 ივნისს გამოქვეყნდა.

ჯგუფის მიერ აფხაზეთის შესახებ თებერვალში გამოქვეყნებული მოხსენების მსგავსად, სამხრეთ ოსეთის შესახებ ანგარიშიც სეპარატისტულ რეგიონში რუსეთის მიერ მისი აღიარების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს.

ანგარიშის თანახმად, სამხრეთ ოსეთს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ავტონომიაც კი არ გააჩნია, ხოლო მისი მთავრობის ნახევარზე მეტს მოსკოვი აკომპლექტებს და ბიუჯეტის 99%-ს რუსეთი ავსებს.

”აღიარების შემდეგ სამხრეთ ოსეთი ძალიან დაემსგავსა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკას,” ხოლო მოსკოვის მიდგომა მის მიმართ იმის მსგავსია, როგორიც რუსეთს მისი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებისადმი გააჩნია, ნათქვამია ანგარიშში ”მთავარი სხვაობა ის არის, რომ სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტს ირჩევენ და მას არ ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი”.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს კავკასიაში კიდევ ერთი არასტაბილური რეგიონი ერგო, ”რომლის სუბსიდირებაც უნდა განახორციელოს, რათა იქ სტაბილურობა შეინარჩუნოს.”  

ICG მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე, როგორც ჩანს, ”გაუაზრებელი და იმპულსური” იყო.

ანგარიშის თანახმად, კერძო საუბრებში რუსი დიპლომატები და ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ ამ გადაწყვეტილების სისწორეს, ”რამაც არა მხოლოდ შელახა რუსეთის საერთაშორისო იმიჯი, არამედ ამან შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატისტული განწყობები გააღვივოს.”

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსი და ოსი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის განვითარების გარეშე, რეგიონი ”არსებითად, რუსეთის სამხედრო გარნიზონად გადაიქცევა, ვინაიდან სამხედროების რაოდენობა იქ უკვე მოსახლეობის დაახლოებით ერთ მეექვსედს შეადგენს”.

ანგარიშის თანახმად, დასავლელი ანალიტიკოსების გათვლებით, სამხრეთ ოსეთში, დაახლოებით, 3 000 - 4 500 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება; გარდა ამისა, იქ ასევე განთავსებულია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 900 მესაზღვრე. რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ანგარიში იტყობინება, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებაშია T-72 და T-90 ტიპის ტანკები, 150 BMP-2, 12-მმ BM-21 გრადის სისტემები, 152-მმ 2С3 ტიპის საარტილერიო დანადგარები და S-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.

ანგარიშის თანახმად, უშიშროების ფედერალური სამსახური ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გეგმავს ოცი სასაზღვრო პოსტის შექმნას, რომელთა მშენებლობის დასრულება 2011 წელს იგეგმება. ამ პოსტების ერთ-ერთი მიზანი საქართველოს სამხედრო კავშირგაბმულობის მონიტორინგი და სამხედრო გადაადგილებისთვის თვალყურის დევნება იქნება, აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის მხრიდან არსებული უსაფრთხოების გარანტიების ფონზე სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება საკუთარი სამხედრო ძალების მნიშვნელოვან შემცირებას გეგმავს.

ICG მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ არ მოახდინონ ისეთი საკითხების პოლიტიზირება, როგორიც არის გადაადგილების თავისუფლება, ჰუმანიტარული ორგანიზაციების და სადამკვირვებლო მისიების რეგიონში შეშვება.

Civil.Ge © 2001-2021