საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე შეთანხმებას მოეწერა ხელი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Jun.'10 / 18:54

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა 17 ივნისს ბრიუსელში ხელი მოაწერეს ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმებას.  
    
შეთანხმება ძალაში შევა რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებასთან ერთად მისი ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის რატიფიცირების შემდეგ.

შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ საქართველო და ევროკავშირის სახელმწიფოები, გარდა შემდეგი ქვეყნებისა: დანიის სამეფო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, იტყობინება საგარეო უწყება.

შეთანხმების თანახმად, სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული საკონსულო მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის 60 ევროდან 35 ევრომდე შემცირდება.

მთლიანობაში ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების ვიზების მიღების პროცედურა 22 კატეგორიის პირთათვის მარტივდება. საქართველოს საგარეო უწყება ამ პირთა კატეგორიების დაკონკრეტების გარეშე იტყობინება, რომ სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლისაგან გათავისუფლდებიან 12 კატეგორიის საქართველოს მოქალაქეები; 13 კატეგორიის პირთათვის ინდივიდუალურად განისაზღვრება ვიზის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტის სახეობა; 11 კატეგორიის პირთათვის გათვალისწინებულია 1 წლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღება, თუ მათ წინა წელს მიღებული აქვთ ერთი ვიზა მაინც და ეს ვიზა გამოიყენეს შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ამის შემდეგ ამ პირებს უფლება ექნებათ მიიღონ 2-დან 5 წლამდე მრავალჯერადი ვიზა; გარკვეული კატეგორიის პირებზე კი პირდაპირ შეიძლება გაიცეს მრავალჯერადი ვიზა 5 წლამდე მოქმედების ვადით.

ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 დღით ან შემცირდეს 2 დღემდე.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებში 90 დღემდე უვიზო მიმოსვლის უფლება ექნებათ.

ევროკავშირის თანახმად, საქართველოსთან რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებას მომდევნო კვირებში მოეწერება ხელი. რეადმისიის და ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ ხელშეკრულებები ერთდროულად შევა ძალაში.

რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება განსაზღვრავს ვალდებულებებს და პროცედურებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ხელშეკრულების ხელმომწერი მესამე ქვეყნების მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და როდის უნდა მოხდეს იმ áƒáƒ“ამიანების უკან დაბრუნება, ვინც არალეგალურად ცხოვრობენ მხარეთა ტერიტორიებზე.
 
„ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა კონკრეტული წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის გზავნილი ევროკავშირის გახსნილობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების მიმართ,“ – განაცხადა საშინაო საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა, "ვიზების გაცემის გამარტივების და რეადმისიის ხელშეკრულებები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეალური შედეგია. ის ხელს შეუწყობს ევროკავშირის და საქართველოს მოქალაქეების ურთიერთქმედებას და გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“.

„ეს არის ჩვენი ვალდებულების ნაწილი დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან, არა მხოლოდ ინსტიტუციონალურ დონეზე, არამედ ხალხების ‘დონეზეც’,“ – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ.

Civil.Ge © 2001-2024