გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი აიღეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Jun.'10 / 13:24
6–მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება 9–მეტრიან
კვარლცხბეკზე 1952 წელს სტალინს სიცოცხლეშივე
დაუდგეს მშობლიური áƒ’ორის ცენტრში. 
ფოტო: Civil.Ge

გორის ცენტრალური მოედნიდან შუაღამისას ხელისუფლებამ სტალინის ძეგლი აიღო.

ეს დრო სავარაუდოდ იმიტომ შეირჩა, რომ თავიდან აეცილებინათ იმ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ძეგლის აღებას.

ძეგლი გორში, სტალინის მუზეუმში გადაიტანეს; მის ადგილას კი 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში და ასევე სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შესაქმნელად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო კონკურსი უკვე გამოაცხადა.

კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტალინის ძეგლი გორის ცენტრში იყო ”ახირებული და გაუგებარი დაუდევრობა.” მისი თქმით, ძეგლის დემონტაჟი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალური მთავრობის თანხმობით განახორციელა. 

ძეგლის აღების შესახებ ხელისუფლებას წინასწარი განცხადება არ გაუკეთებია.

პოლიცია თავდაპირველად ძეგლის აღების გადაღების საშუალებას ჟურნალისტებს არ აძლევდა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც ისინი დემონტაჟის გადაღებას ცდილობდნენ.

გორში მდებარე ტელეკომპანიამ „თრიალეთი“ თავის Facebook-ის გვერდზე დაახლოებით ღამის 2 საათზე გზავნილი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა: „გორში სტალინის ძეგლს იღებენ. პატრულმა ალყაში მოაქცია ტერიტორია. „თრიალეთის“ გადამღები ჯგუფი იღებდა სიუჟეტს და პოლიციამ წაართვა კამერა და განათება და ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი და ოპერატორი იმედა გოგოლაძე წიხლებით სცემეს“. 

მოგვიანებით, ლადო ბიჭაშვილმა განაცხადა, რომ მას მოგვიანებით კამერა დაუბრუნეს და „თრილეთის“ გადამღებ ჯგუფს გადაღების საშუალებაც მისცეს.

ვიდეოკამერას, რომელიც გორის ცენტრალურ მოედანზეა დამონტაჟებული და რომლის საშუალებითაც livegeorgia.ge-ზე ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე მოვლენების áƒžáƒ˜áƒ áƒ“აპირ თვალყურის დევნებაა áƒ¨áƒ”საძლებელი, ჩამოაფარეს ობიექტივზე, რათა მოედანზე განვითარებული მოვლენები არავის ენახა. ხოლო როდესაც დაახლოებით ღამის 3:30 გადაღება აღდგა, გამოჩნდა ცარიელი ცხრამეტრიანი კვარცხლბეკი გორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წინ.

1952 წელს, ცხრამეტრიან კვარცხლბეკზე დადგმული ექვსმეტრიანი ძეგლის ბედი დროდადრო დებატების საგანი ხდებოდა საქართველოში. ძეგლზე დისკუსიები შარშან შემოდგომაზეც გაიმართა, როდესაც კარგად ორგანიზებული აქტივისტების ჯგუფმა კამპანია წამოიწყო გორის ცენტრალური მოედნიდან ძეგლის აღების და მისი სტალინის მუზეუმში გადატანის მოთხოვნით. 

სულ ბოლოს სტალინის ძეგლმა საზოგადოების ყურადღება აპრილში მიიპყრო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადების გამო. რუსულ გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში მერაბიშვილმა, რომელიც ცდილობდა აეხსნა, რომ საქართველოს და რუსეთს „განსხვავებული ღირებულებები“ გააჩნია, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ქართველმა დეპუტატმა გივი თარგამაძემ რუსეთის სამხედრო მეთაურს, რომელიც იმ დროს გორს აკონტროლებდა, სტალინის ძეგლის აფეთქება შესთავაზა ფულის გადახდის სანაცვლოდ.

„მათ [რუსმა სამხედროებმა] ხომ დაბომბეს გორი, მაგრამ სტალინის ძეგლს არ შეხებიან,“ – განაცხადა მერაბიშვილმა. „ისინი შეურაცხყოფილნი დარჩნენ [ამ შემოთავაზების გამო]. ყველა დანარჩენზე ისინი მზად იყვნენ აეღოთ ფული, მაგრამ არა ამისთვის,“ – განაცხადა მერაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 ივნისს განაცხადა, რომ შეუძლებელია ქვეყანაში ერთდროულად არსებობდეს ოკუპაციის მუზეუმი და იმ პიროვნების ძეგლიც, რომელმაც ეს ოკუპაცია 1921 წელს განახორციელა.

”მე სრულიად ვუჭერ მხარს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას” ძეგლის აღების თაობაზე, განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ამავე დროს აუცილებელია რომ ”ისტორიას ცივილიზირებულად მოვექცეთ” და ამიტომ ძეგლი გადატანილ იქნა სტალინის მუზეუმში.

"ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ვერც ისტორიას ვერ გადაწერ, ვერც ქალაქების ისტორიას ვერ გადაწერ და ამის მცდელობა არც არავის არ ექნება,"– დასძინა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024