სააკაშვილი ტერმინ "ოკუპაციაზე“ ამახვილებს ყურადღებას და რუსეთზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Jun.'10 / 19:00
  • "ჩვენი საგარეო პოლიტიკა გააქტიურებულია“;
  • საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ივლისის შუა რიცხვებში ეწვევა;
  • "მინდა დავადასტურო ჩვენი სურვილი რუსეთთან ვაწარმოოთ დიალოგი“;
  • "რუსეთის ხელმძღვანელობა არჩეულია ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით“;
  • "ივლისში ევროკავშირთან ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება ისტორიული მომენტია“.

29 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კვლავ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თეთრმა სახლმა "ოკუპირებულ რეგიონებად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ ეს "აბსოლუტურად ახალ რეალობას“ ქმნის ამ რეგიონებთან დაკავშირებით.

ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე საუბრისას, რომელსაც რამოდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსიც ესწრებოდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავაც განაგრძობს თავის კურსს, რათა მიაღწიოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ამ ტერმინის მიღებას ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოების და ასევე თავად ევროკავშირის მიერ.

"თქვენ კარგად იცვით, რომ ტერმინი "ოკუპაცია“ მე–20 საუკუნის განმავლობაში ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა... მე მინდა ეს კარგად გვესმოდეს, "ოკუპაცია“ ტერმინი ნიშნავს იმას, რომ ჯერ ერთი, ის ადრე თუ გვიან დამთავრდება. არ არსებობს მუდმივი ოკუპაცია. ოკუპანტი ადრე თუ გვიან დატოვებს ტერიტორიას. ეს პერმანენტულად ნიშნავს ამ ყოფნისთვის დროებითი სტატუსის მინიჭებას... ვერაფერი ვეღარ შეცვლის. ის ხალხი იქ არის სრულიად უკანონოდ და ამას აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი ქონების ტრანსაქცია უკანონოა... მინდა ვუთხრა ზოგიერთ განსაკუთრებით თავზეხელაღებულ რუსს, რომ თქვენ ყიდულობთ სახლებს...თქვენ ყიდულობთ უკანონოდ სახლებს, უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ეს არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. და რუსეთის ძალები იქ არიან ოკუპანტები,“ – განაცხადა სააკაშვილმა. 

"რუსეთის ხალხს, რომელმაც თვითონ გამოცადა ნაცისტური ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის დროს, ახლა მათი ხელმძღვანელობის არაშორსმჭვრეტელური და ძალიან დაუდევარი პოლიტიკის გამო მოუწია ისევ იმ სახელმწიფოში   ცხოვრება, რომელიც თვითონ არის ოკუპანტი, მოუწია იმ ერად წოდება, რომელიც თვითონ არის ოკუპაციაში დადანაშაულები და ოკუპაციის სიტუაციაში თვითონ აღმოჩნდა ჩათრეული,“ – განაცხადა სააკაშვილმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად მოსკოვის განცხადებებისა, რომ არ გამართავენ მოლაპარაკებებს საქართველოს ამჟამინდელ ხელძღვანელობასთან, "მინდა დავადასტურო ჩვენი სრული მზადყოფნა, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთთან ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი ნორმალიზაციაზე“.

"ეს ნორმალიზაცია გულისხმობს 500 ათასამდე ქართველი დევნილის – და ქართველს, როცა ვგულისხმობ ეს არის ეთნიკურად ქართველი, ეთნიკურად აფხაზი, ეთნიკურად სომეხი, ეთნიკურად ებრაელი, ეთნიკურად ბერძენი, ეთნიკურად უკრაინელი, ეთნიკურად ესტონელი და სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც იქიდან იქნენ გაძევებული – მათ დაბრუნებას თავის მიწაზე, თავის მშობლიურ სახლებში, მათი ქონებრივი და მოქალაეობრივი უფლებების აღდგენას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და რა თქმა უნდა, ყველა საკითხს, რაც ეხება ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და რა თქმა უნდა, ჰუმანიტარულ და სხვა ურთიერთობას,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. 

"ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს რუსეთთან კონფროტაციის, ჩვენ მზად ვართ ვაწაარმოოთ მათთან დიალოგი, მათ შორის რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რომელიც განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან არჩეულია ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, რაც დაფიქსირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ; მიუხედავად ამისა ეს არის რუსეთის ხელმძღვანელობა და ჩვენ ვაღიარებთ მათ, როგორც მოლაპარაკების პარტნიორს და ჩვენ მათთან გვინდა ყველანაირი მოლაპარაკების წარმოება გათვალისწინებით იმისა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც სურს, რომ იყოს მათი პარტნიორი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა სხდომაზე საუბრისას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ბოლო დროს მნიშვნელოვნად გააქტიურდა.

"გარკვეული სიმშვიდის პერიოდის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით არის ვიზიტები. ბოლო ხანებში საქართველოში ჩამოვიდა რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის ახლახანს იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი; ახლა ჩამოდის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შემდეგ ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივანი. 14 ივლისს საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი [ბერნარ კუშნერი] – ყოველ შემთხვევაში გუშინ ასეთი ინფორმაცია გვქონდა –  და 15 ივლისს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას თბილისში, ოფიციალურად მოლაპარაკებებს ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე ევროკავშირთან, ჩამოდის ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია. ეს არის, მართლაც გადაჭარბების გარეშე, ისტორიული მომენტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყებისთვის. ადრეულ შემოდგომაზე ჩვენ ვვარაუდობთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკურლების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას. იცით, რომ ხელი მოვაწერეთ ვიზების გამარტივების ხელშეკრულებას, რომელიც შევა ძალაში წლის მეორე ნახევარში და იმედი გვაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად ჩვენ დავიწყებთ სვლას საერთოდ უვიზო მიმოსვლისკენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის. თუ რომელიმე ქვეყანა აღმოსვალეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის და ამ რეგიონში შეესაბამება უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებს ან უახლოეს პერიოდში აქვს შანსი, რომ შეესაბამებოდეს, ეს არის საქართველო,“ – განაცხადა სააკაშვილმა. 

 

Civil.Ge © 2001-2024