გორდონი: "საქართველოსთვის იარაღის ემბარგო არ დაგვიწესებია“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Jun.'10 / 15:06

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა კატეგორიულად უარყო, რომ ვაშინგტონმა საქართველოს იარაღის ემბარგო დაუწესა, თუმცა მან ასევე განაცხადა 29 ივნისს, რომ იარაღის მიყიდვა არ არის ის გზა, რომელიც საქართველოში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

"პირველ რიგში მკაფიოდ განვაცხადებ, რომ ჩვენ არ დაგვიწესებია იარაღის ემბარგო საქართველოსთვის,“ – განუცხადა მან ვაშინგტონში ჟურნალისტებს.

"ჩვენ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში ვთანამშრომლობთ. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში, რასაც ჩვენ ვაფასებთ... და ჩვენ მათ ვეხმარებით ამ მისიისთვის მომზადებაში“.

"ყველა სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანას ევროპაში და ნებისმიერ სხვა ადგილას აქვს თავდაცვის უფლება და ასევე იმის უფლება, რომ მათთვის სასურველი ალიანსები  მესამე მხარის ვეტოს გარეშე ეძებონ,“ – განაცხადა მან.

როდესაც მას რამდენჯერმე გაუმეორეს შეკითხვა, თუ რატომ არ შეასრულა აშშ–მ საქართველოს არცერთი თხოვნა იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ბოლო ორის წლის განმავლობაში, გორდონმა უპასუხა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის პრიორიტეტია "დაძაბულობის შემცირება“ და იმის მიღწევა, რომ რუსეთმა შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

"არ გვგონია, რომ იარაღის მიყიდვა და სამხედრო აღჭურვილობა არის გზა იმ ვითარებისკენ, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში,“ – განაცხადა გორდონმა.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რათა განვავითაროთ მათი დემოკრატია და კეთილდღეობა, რადგანაც მიგვაჩნია, რომ რეალურად სიტუაციის გრძელვადიანი გადაწყვეტა სამხედრო გზით ვერ მოხდება, ისევე როგორც ეს ვერ მოხდება ამა თუ იმ სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვით. ამ პრობლემის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ არსებობს. ეს მოხდება მაშინ, როდესაც საქართველო გახდება ძლიერი დემოკრატიული და უფრო წარმატებული ქვეყანა, და როდესაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობა დათანხმდება, რომ უნდა გახდნენ ამ ერთიანი საქართველოს ნაწილი. სწორედ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას. სწორედ ამაზე გაამახვილებს ყურადღებას [სახელმწიფო მდივანი], როდესაც ის საქართველოს ესტუმრება [5 ივლისს],“ – განაცხადა გორდონმა.  

28 ივნისს Jane’s Defence Weekly (JDW) იტყობინებოდა საქართველოს ხელისუფლების, ასევე ამერიკულ და ისრაელის იმ კომპანიების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომლებიც პარიზში ივნისის შუა რიცხვებში გამართულ შეიარაღების საერთაშორისო გამოფენას Eurosatory-ს ესწრებოდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო ვერ ყიდულობს სამხედრო აღჭურვილობას და ეს ერთის მხრივ, აშშ–ის პოლიტიკის, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის ზეწოლის გამო ხდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით JDW  იტყობინებოდა, რომ საქართველოს სჭირდება დიდი რადიუსის მქონე რადარები,  ასევე ტანკსაწინააღმდეგო და თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები. "თუმცა, ქართველებმა ვერც ერთი ამ სისტემის შესყიდვა ვერ შეძლეს, როგორც ამის თაობაზე თბილისში მომუშავე აშშ–ის და ნატოს პერსონალი იუწყება,“ - წერს JDW.    

"ვერავის გაუგია, თუ რა მიზანს ემსახურება აშშ–ის მთავრობის მიერ ამ გაყიდვების დაბლოკვა. რადიოსადგურები და რადარები თავდასხმით იარაღს არ წარმოადგენენ,“ – იტყობინება JDW თბილისში მყოფ კონტრაქტორზე დაყრდნობით, რომლის კომპანიაც ქართველ სამხედროებს წვრთნის.

2006 წლის ბოლოს საქართველომ კონტრაქტი გააფორმა აშშ–ის თავდაცვითი კომუნიკაციების და საინფრომაციო ტექნილოგიების კომპანიასთან  Harris Corp.-თან, საკომუნიკაციო სისტემების მოწოდების თაობაზე. თუმცა, როგორც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ზაზა გოგავამ 2008 წლის ნოემბერში აგვისტოს ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას განუცხადა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კავშირგაბმულობაში პრობლემები ჰქონდათ და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ ვერ მოესწრო შესაბამისი დანაყოფების Harris Corp-იდან მიღებული საკომუნიკაციო სისტემების გამოყენებაში მომზადება.

სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ თურქეთისგან 70 ერთეული Ejder-ის ტიპის ჯავშანმანქანა შეიძინა, ხოლო უკრაინაში თორმეტი T-84 ტიპის ტანკი.

Civil.Ge © 2001-2024