რუსეთის საგარეო უწყება საქართველო–ირანის ურთიერთობებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Jul.'10 / 14:11

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ 1 ივლისს.

"ჩვენ პატივს ვცემთ სუვერენული სახელმწიფოების უფლებებს, როგორიც ირანი და საქართველოა, განავითარონ მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობები ერთმანეთს შორის. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ არც თუ მარტივ რეგიონში შედიან. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება არ იქნება მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ,“ განაცხადა ნესტერენკომ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნესტერენკოს ეს განცხადება მოყვა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის კონტექტსში დაუსვეს და რომლის თანახმადაც, ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაახლოების ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა ივნისის დასაწყისში მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ირანისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.

"რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისმა რაიმე როლი ითამაშოს ამ საკითხში, ერთის მხრივ საერთაშორისო არენაზე საქართველოს დაბალი ავტორიტეტის გამო, და ასევე იმის გამო, რომ მას არ გააჩნია რეალური შესაძლებლობები იმოქმედოს ამ სიტუაციაზე,“ – განაცხადა ნესტერენკომ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა მაისის ბოლოს, რომ საქართველო და ირანი შეთანხმდნენ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. ”ჩვენ, რა თქმა უნდა, გავააქტიურებთ სავაჭრო ურთიერთობებს,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეს ბევრ საერთაშორისო ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ ზოგადად არავისთან არ გვინდა ცუდი ურთიერთობა, ახლა თვითმკვლელები ნამდვილად არა ვართ და ყველაფერი, რაც რაციონალური და სწორია ამას გავაკეთებთ”.

 

Civil.Ge © 2001-2024