ბათუმში ევროკავშირი–საქართველოს ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jul.'10 / 11:19

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი, რომელიც 15 ივლისს საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს, ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნის ევროკავშირი–საქართველოს ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს.

"საქართველოს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ევროკავშირი კვლავ აღმოუჩენს მხარდაჭერას დემოკრატიის განვითარებაში, კანონის უზენაესობაში და მმართველობაში, კერძოდ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში,“ – ნათქვამია ეშტონის განცხადებაში, რომელიც მის ვიზიტამდე გაკეთდა.

ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე შეხვედება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვევა. 16 ივლისს იგი მოინახულებს სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მდებარე დასახლებებს. 

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მივესალმებით მის მზადყოფნას მხოლოდ მშვიდობიანი გზით და დიპლომატიური მცდელობებით მოაგვაროს კონფლიქტები,“ – განაცხადა ეშტონმა.

"მოვუწოდებთ საქართველოს კონფლიქტის რეგიონების მოსახლეობასთან ჩართულობისკენ ცოტა ხნის წინ მიღებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად და დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სტაბილურობის აუცილებელ ფაქტორად რჩება“.

საქართველოს პარალელურად, áƒ”ვროკავშირი ასევე იწყებს ასოცირებულ შეთახმებაზე მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან (16 ივლისს) და სომხეთთან (19 ივლისს). ასოცირებული შეთანხმების მიზანია პოლიტიკური სიახლოვის მიღწევა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის. ევროკავშირი უკვე აწარმოებს ანალოგიურ შეთანხმებებზე მოლაპარაკებებს უკრაინასა და მოლდოვასთან.

15 ივლისს საქართველო–ევროკავშირის ასოცირებულ შეთანხმებაზე პირველ პლენარულ სხდომას ევროკავშირის გენერალური დირექტორის მოადგილე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ჰიუ მინგარელი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე თორნიკე გორდაძე წარუძღვებიან.

 

Civil.Ge © 2001-2024