![]() |
|||
საქართველოს "უზარმაზარი, უზარმაზარი სიმპათია აქვს ბელარუსი ხალხის მიმართ“ და თბილისი ყოველთვის სარგებლობდა მინსკის მხარდაჭერით, როცა კი ეს სჭირდებოდა, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ინტერვიუში, რომელიც ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ 15 ივლისს გადასცა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ დსთ–ში საქართველოს წევრობის დროს და შემდგომ პერიოდშიც, “როდესაც ერთმანეთის მხარდაჭერა იყო საჭირო, ბელარუსი ყოველთვის უჭერდა მხარს [საქართელოს].“ მისი თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოს ძირითადად საექპორტო პროდუქციაზე ემბარგო დააწესა, 2006 წლის ნოემბერში დსთ–ს სამიტზე მინსკში ლიდერებს ქართული ღვინით და მინერალური წყლებით უმასპინძლებოდნენ. "სხვათაშორის, რუსეთის ლიდერებიც სვავდნენ ჩვენ ღვინოს [სამიტზე],“ – დასძინა სააკაშვილმა. მისი თქმით, რუსეთი კვლავ განაგრძობს "ბელარუსზე ზეწოლას“, რათა მან აღიაროს "ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები – როგორც ახლა მსოფლიოში მოიხსენიებენ“ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. "ვფიქრობ, ბელარუსი ბრძნულად მოიქცევა,“ – დასძინა სააკაშვილმა. რუსეთსა და მის ხელმძღვანელობაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ "რთულია იმის გაგება, თუ რა უნდათ მათ“. "ყოველთვის, როდესაც რაღაცას ვთმობდით, მათ უფრო და უფრო მეტი უნდოდათ,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ მოსკოვი თბილისს არჩევანს სთავაზობდა "ცუდს და უარესს“ შორის, რაზეც საქართველომ უარი განაცხადა. რუსეთის ინგლისურენოვანმა სატელიტურმა არხმა Russia Today–მ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ სააკაშვილის ინტერვიუს გაშვება შეაფასა, როგორც "კეთილი ნების ჟესტი თბილისის მიმართ“ და "მოსკოვის გაღიზიანების საშუალება“.
|
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025