საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტი მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Jul.'10 / 20:08

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ 19 ივლისს 44 ხმით სამის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსია მიიღო.

საბოლოო ვერსია შეესაბამება კონსტიტუციის ბაზისურ პროექტს, რომელიც კომისიამ მაისში მიიღო და რომელიც ახლა პრეზიდენტს გადაეგზავნება. მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი მას პარლამენტს წარუდგენს განსახილველად.

პროცედურების თანახმად, პარლამენტმა შემდეგ ერთთვიანი საჯარო განხილვები უნდა დაიწყოს, სანამ მას საკანონდებლო ორგანოში ეყრება კენჭი, რაც, როგორც მოსალოდნელია, ამ შემოდგომით მოხდება.

პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კონსტიტუცია პრემიერ–მინისტრის ძალაუფლებას პრეზიდენტის ძალაუფლების ხარჯზე გაზრდის.

პროექტის თანახმად, აღმასრულებელ შტოს პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობის მქონე პარტია წარადგენს. პროექტი დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს საკანონმდებლო ორგანოსაც, მათ შორის არის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესის გამარტივება.

პროექტის თანახმად, შემოთავაზებული ცვლილებები 2013 წლის 1 დეკემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში. გამონაკლისია პროექტის რამოდენიმე დებულება, მათ შორის ერთი თავი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება, რომლებიც ძალაში უნდა შევიდეს 2011 წლის იანვრიდან.

პროექტს წინააღმდეგ მისცეს ხმა ქართული დასის ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა; ისინი კენჭისყრის გადადებისკენ მოუწოდებდნენ. თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა ასევე პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. კომისიის მუშაობის ადრეულ ეტაპზე ლევან რამიშვილმა ახალი კონსტიტუციის საკუთარი პროექტი წარადგინა, რომელიც ამერიკული მოდელის მსგავსი იყო და რომელიც უფრო ძლიერ საპრეზიდენტო სისტემას უჭერდა მხარს. თუმცა, კომისიამ ეს პროექტი არ მიიღო.

კომისიის წევრები მმართველი პარტიიდან მიესალმნენ დამტკიცებულ პროექტს.

„ეს არის მართლაც დაბალანსებული კონსტიტუცია,“ – განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან. „ჩვენ ზუსტად გავავლეთ ზღვარი პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და მთავრობის უფლებამოსილებას შორის. პარლამენტი არის ერთადერთი წყარო მთავრობის ფორმიერების. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული კონსტიტუციისკენ“.

Civil.Ge © 2001-2024